ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბ “თელავს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ჩვენს გუნდს 35 წლის გიორგი ჭელიძე გაწვრთნის.
გიორგი ჭელიძე 1986 წლის 24 ოქტომბერს ქუთაისში დაიბადა, ფეხბურთელობისას საკმაოდ შედეგიან თავდამსხმელს, მოთამაშის კარიერაც შთამბეჭდავი ჰქონდა – თბილისის “მერანი-91”, თბილისის “ოლიმპი”, თბილისის “თბილისი”, ბათუმის “დინამო”, მოსკოვის “ლოკომოტივი”, ლუგანსკის “ზორია”, ბოლნისის “სიონი”, “ზესტაფონი”, რუსთავის “მეტალურგი”, ბაქოს “ნეფთჩი”, თურქეთის “სამსუნსფორი”, ისრაელის “სექცია”, თბილისის “ლოკომოტივი”.
გიორგი ჭელიძე უეფას უმაღლესი სამწვრთნელო კატეგორიის, პრო ლიცენზიის მფლობელია – მან სამწვრთნელო საქმიანობა 2016 წელს თბილისის “შევარდენი 1906”-ში დაიწყო, მერე კი ტყიბულის “მეშახტეს”, ქობულეთის “შუქურას” და თბილისის “საბურთალო II”-ს წვრთნიდა.
სიახლე გვაქვს სკ “თელავის” სამწვრთნელო შტაბშიც – გიორგი ჭელიძის პირველი ასისტენტი 48 წლის ლევან ხომერიკი იქნება, რომელიც გულშემატკივარს წარსულში ბათუმისა და თბილისის “დინამოს”, ბელგიური “მეხელენის”, შვეიცარიული “აარაუსა” და “ვოლენის”, აგრეთვე ისრაელის ჰაიფას “ჰაპოელის”თავდამსხმელად უნდა ახსოვდეს.
მეკარეების მწვრთნელად კი გამოცდილი სპეციალისტი, 43 წლის თამაზ ოდიკაძე იმუშავებს.
საფეხბურთო კლუბი “თელავი” მიესალმება გუნდის ახალ მწვრთნელს და მის თანაშემწეებს და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს – ფეხბედნიერი იყოს გიორგი, ლევან და თამაზ თქვენი მოსვლა ჩვენს დიდ ოჯახში და წარმატებები თქვენს გუნდთან ერთად!
სკ “თელავის” პრესსამსახური