ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ დღეს თელავში, ძალიან კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი და გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ჩვენი გუნდის სულის და გულის, ბატონი გია ამისულაშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდა 2009/2010 წლებში დაბადებულ ბავშვებს შორის.
ტურნირში, რომელიც კახეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა, თელავის (ორი გუნდით), გურჯაანის, ყვარელის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, სიღნაღის და დედოფლის წყაროს ბავშვთა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
ტურნირზე მესამე ადგილი ყვარელის ბავშვთა გუნდმა დაიკავა, მათ სიღნაღელები 3:1 დაამარცხეს.
რაც შეეხება ფინალს, როგორც მოსალოდნელი იყო, ფინალში თელავის პირველი და გურჯაანის გუნდები დაუპირისპირდნენ – თელაველებმა 2:0 იმარჯვეს და “ალექსანდროვიჩის” სახელობის თასის პირველი გამარჯვებულებიც გახდნენ.
კახეთის ფეხბურთის რეგიონულმა ფედერაციამ, გული არავის დასწყვიტა და ტურნირის ჩემპიონებისა და პრიზიორების გარდა ყველა მონაწილე სიმბოლური პრიზებით, ბურთებით, სხვადასხვა სუვენირებით და ეკიპირებით დააჯილდოვა, იყო აგრეთვე ინდივიდუალური პრიზებიც და მედლების გარდა დაჯილდოვდნენ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი, ბომბარდირი და მეკარე.
კახეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტის, ბატონი გოჩა როსტომაშვილის თქმით, ტურნირი ამიერიდან ყოველწლიურად ჩატარდება და გაცილებით მასშტაბური იქნება, რაც პირველ რიგში ხელს შეუწყობს რეგიონში ფეხბურთის უფრო მეტად განვითარებას.
სკ “თელავის” პრესსამსახური