ანტონ თოლორდავას, თელაველ გულშემატკივართან წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება – ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და დაცვის ბურჯი მოედანზე და მოედნის მიღმაც გამორჩეულია…
… მისთვის სულ ერთია, ვინაა მეტოქე, ტიტულიანი თუ ნაკლებ სახელიანი – შემართება, ბრძოლისუნარიანობა, მოტივაცია და გამარჯვებისადმი სწრაფვა სისხლში აქვს გამჯდარი!
… ვიდრე ახალი სეზონისთვის შევიკრიბებოდით, გეცოდინებათ, ჩვენი გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა და არ დავმალავთ, იყო ერთგვარი შიშიც, რომ კიდევ წავიდოდნენ, თუმცა ჩვენი “ძველი გვარდია”, 25 წლის თოლორდავას თამადობით კვლავ დაიცავს სკ “თელავის” ღირსებას, რაც ჩვენთვის ერთობ მნიშვნელოვანია – ძალიან გაფასებთ და დიდი მადლობა, ბიჭებო!
 – ანტონ, თავიდანვე გკითხავთ: სხვადასხვა გუნდებიდან საკმაოდ გქონდათ შემოთავაზებები, მაგრამ დარჩით. რა იყო გადამწყვეტი ფაქტორი თქვენს გადაწყვეტილებაში?
 – შემოთავაზებები იყო, როგორც უცხოეთიდან, ისე საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდებიდან, მაგრამ ამ ეტაპზე “თელავში” დარჩენა გადავწყვიტე, რადგან ამ კლუბთან ბევრი მაკავშირებს, ერთად გამოვიარეთ თითქმის ყველაფერი, თუმცა მაინც ასე ვიტყვი: ჩემი გუნდში დარჩენის მთავარი ფაქტორი სოსო გრიშიკაშვილი და მასთან ურთიერთობაა – მას რომ ვუყურებ, როგორ უყვარს ფეხბურთი, თავისი გუნდი და საქმე, სხვანაირად არ შემეძლო, გვერდში არ დავდგომოდი.
 – რას ნიშნავს “თელავი” თქვენთვის? გუნდში ერთადერთი ხართ, საფეხბურთო კლუბ “თელავს” დაარსების დღიდან რომ მოჰყვებით. ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო…
 – “თელავი” ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ფაქტობრივად, ჩემი მეორე ოჯახია, სადაც გავიზარდე, როგორც პიროვნულად, ისე პროფესიონალ ფეხბურთელად. ასე რომ…
 – გუნდი რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, მაგრამ “ძველები” ისევ ჩვენთან ხართ, ლიდერებს წონადი სიტყვაც გეთქმით – რას ეტყვით მათ, ვინც ახლაა და ვინც კიდევ უნდა მოვიდეს?
 – პირველ რიგში, უღრმესი მადლობა იმ ბიჭებს რომლებმაც თავდაუზოგავად იშრომეს წლების განმავლობაში და უდიდესი წვლილი შეიტანეს კლუბის განვითარებასა და წარმატებაში. წარმატებებს ვუსურვებ მათ, როგორც კარიერულ წინსვლაში, ასევე პირად ცხოვრებაში. რაც შეეხებათ ახალწვეულებს, რა თქმა უნდა, მათაც მინდა ვუსურვო წარმატებები და დასახული მიზნების მაქსიმალურად შესრულება, ამისთვის კი თავდაუზოგავი შრომა და მუხლჩაუხრელი მუშაობაა საჭირო, რაც ჩვენს ოჯახში მთავარია და რასაც პირველ რიგში ვაფასებთ.
 – ახალი სეზონისთვის სკ “თელავი” აქტიურად ემზადება, დატვირთვებიც თანდათანობით იზრდება. მოტივაციას დამატებით ახალი მწვრთნელის ფაქტორიც გმატებთ…
 – რა თქმა უნდა, ასეა. ახალი მწვრთნელის ფაქტორი ნამდვილად მნიშვნელივანია და ჩვენც ვემზადებით. ბიჭები ყველანაირად ვცდილობთ, ზედმიწევნით კარგად და, რაც მთავარია, სწორად შევასრულოთ მწვრთნელის მითითებები – მე პირადად, ძალიან მომწონს ეს ინტენსივობა და მოტივაციის ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივი. დარწმუნებული ვარ, ასევე არიან ბიჭებიც.
 – მოახლოებულ სეზონს, რა თქმა უნდა, თელაველი და “თელავის” გულშემატკივარიც ელოდება – როგორც გუნდის ერთ-ერთმა ლიდერი, რას ეტყოდით ქომაგებს…
 – ჩვენც მოუთმენლად ველოდებით ახალი სეზონის დაწყებას ახალი შემართებით. გულშემატკივრებს კი ვპირდებით: როგორც აქამდე იყო “თელავი” ბრძოლისუნარიანი კლუბი, ასევე იქნება წელსაც და ამავდროულად ვეცდებით, კიდევ უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ – დავიხარჯებით ბოლომდე, როგორც კლუბს შეეფერება.
სკ “თელავის” პრესსამსახური