30 ოქტომბერს თელავში, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ახალი სტადიონის პროექტის პრეზენტაცია შედგა
პროექტი უკვე ოფიციალურად დამტკიცებულია და თანამედროვე, 8 ათას მაყურებელზე გათვლილი მოდერნიზებული სტადიონის მშენებლობა, რომელიც დაახლოებით 16 მილიონი ლარი დაჯდება, 2021 წლიდან დაიწყება – სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდება
„თელავის მუნიციპალიტეტმა სტადიონის მშენებლობის პროექტი შეიძინა, რომელსაც დააფინანსებს მუნიციპალური განვითარების ფონდი. პროექტის ექსპერტიზის დასრულების შემდეგ სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება ტენდერი. თელავის ახალი სტადიონის მშენებლობისთვის დაახლოებით 16 მილიონი ლარია გათვალისწინებული“ – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, საფეხბურთო კლუბ “თელავის” ფეხბურთელები და გუნდის დამფუძნებლები, ალექსანდრე ამისულაშვილი და სოსო გრიშიკაშვილი