თამამად შეიძლება ითქვას, რომ გიორგი მიქაძემ “თელავში” წარმატებით იმუშავა. მიქაძე მაშინ მივიდა კახურ კლუბში, როცა ბევრს აღარც კი სჯეროდა, რომ თელაველები უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებდნენ. საბოლოოდ, “თელავმა” პლეი აუტის გარეშე შეძლო ქართულ საფეხბურთო ელიტაში დარჩენა და პირველობა მეექვსე ადგილზე დაასრულა.

გიორგი მიქაძესთან ფეხბურთზე საუბარი ერთი სიამოვნებაა – მას ჯერ სეზონის შეფასება ვთხოვეთ და მერე სხვადასხვა საინტერესო თემებსაც გადავწვდით

“ჩვენი საუბრის დასაწყისში მინდა უდიდესი მწუხარება გამოვთქვა ილია კოკაიას გარდაცვალების გამო. ის ჩემი უფროსი მეგობარი იყო. მისი გარდაცვალება უდიდესი დარტყმაა ქართული ფეხბურთისთვის”, – გვითხრა მიქაძემ ინტერვიუს დაწყებამდე, მერე კი “თელავის” მწვრთნელს კითხვები დავუსვით

– სიმართლე ითქვას, გვარიანად გარისკეთ, როცა “თელავი”ჩაიბარეთ. წინა სამწვრთნელო შტაბმა მართლაც დიდი სამუშაო გასწია, თუმცა კონკრეტულად იმ დროს ბევრს აღარ სჯეროდა, რომ გუნდი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას შეძლებდა

– “თელავში” რომ მივედი, გუნდს მართლაც რთული პერიოდი ჰქონდა. მინდა დაგეთანხმოთ ერთ რამეში – წინა სამწვრთნელო შტაბმა მართლაც ბევრი გააკეთა. უბრალოდ, კონკრეტულად იმ დროს ცოტა არეული იყო გუნდი. რაღაც ვერ აეწყო… ასე ფეხბურთში ხშირად ხდება ხოლმე. იმ გადმოსახედიდან, ნამდვილად გავრისკე და ამაზე ჩემი მეგობრებიც მაფრთხილებდნენ. ახლა ჩანს, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. ჩვენ გვყავდა კონკურენტუნარიანი გუნდი. სტატისტიკურად რომ ავიღოთ, 9 გუნდიდან 8-ს მოვუგეთ. ვერ მოვუგეთ მხოლოდ ბათუმის “დინამოს”. იმ შეხვედრაში ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ კლასმა თავისი გაიტანა.

– რასაც ყველა ერთხმად აღნიშნავდა, ეს იყო – “თელავი” მოედანზე ძალიან შეკრული და ერთიანი იყო

– არ მინდა, ეს მხოლოდ ჩემი და ჩემი სამწვრთნელო შტაბის დამსახურებად ჩათვალოთ. რევაზ გოცირიძემ და მისმა სამწვრთნელო შტაბმა დაამკვიდრა ეს ერთობა და ეს გეზი ჩვენ გავაგრძელეთ. ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის – ეს იყო გუნდის დევიზი ჩემს მოსვლამდე და ასევე გაგრძელდა. ბრძოლა ბოლომდე – ამას აკეთებდა “თელავი” თითოეულ შეხვედრაში. ყველა აღნიშნავდა იმას, რაც თქვენ თქვით და, ჩემი აზრით, ეს ჩვენი გარკვეული უპირატესობა იყო მინდორზე. ბოლომდე ერთიანები ვიყავით და ამან მოიტანა კიდეც შედეგი.

– აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი გყავდათ მთელს ლიგაში

– საშუალო ასაკს თუ გადავხედავთ, ერთ-ერთი კი არა, ყველაზე – ახალგაზრდული. გახსოვთ, ასაკობრივ ნაკრებებში საკმაოდ ვიმუშავე. მიყვარს, როცა ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვენდობი. თავის დროზე კლუბებშიც დიდხანს ვიმუშავე ახალგაზრდა ფეხბურთელებთან. დავიწყე “საბურთალოში”, მერე წლების განმავლობაში ვიყავი “ზესტაფონში”… მე-6 ადგილი ვერ არის მთლად სახარბიელო შედეგი, მაგრამ კონკრეტულ მოცემულობაში ეს კარგი შედეგი იყო და ამაში წვლილი ყველა ფეხბურთელმა შეიტანა. ჩვენ აბსოლუტურად ყველა მოთამაშე მაქსიმალურად გამოვიყენეთ. არავინ ყოფილა “ღრმა სათადარიგო”. ჩვენი გოლების სტატისტიკასაც რომ გადავხედოთ, ესეც თანაბრად გადანაწილდა. გამოკვეთილი ბომბარდირი არ გვყოლია.

– მინდა გთხოვოთ საქართველოს ჩემპიონატის შეფასება. რამდენად ლოგიკურად განვითარდა მოვლენები?

– ჩემი აზრით, ბათუმის “დინამო” დამაჯერებლად მიდიოდა ამ მიზნისკენ და პირადად მე ჩემპიონატის დაწყებიდან უკვე მალევე მეგონა, რომ ბათუმელები მოიგებდნენ პირველობას. დავამატოთ ამას “დინამოში” მწვრთნელთა ცვლა და ასე შემდეგ… ბათუმელებმა, გარკვეული ჩავარდნების მიუხედავად, მაინც დამაჯერებლად გაიარეს დისტანცია. პირადად ჩემთვის, აღმოჩენა იყო გორის “დილა”. ამ გუნდმა ითამაშა ძალიან მაგარი ფეხბურთი და, არ შემიძლია, საქებარი სიტყვები არ ვთქვა მთავარი მწვრთნელის, ანდრეი დემჩენკოს მისამართით. რა თქმა უნდა, საქართველოში სულ სერიოზული ძალაა თბილისის “დინამო”, ერთი შეხედვით ცუდ სეზონშიც კი გუნდი მეორე ადგილზე გავიდა. “დინამოს” აქვს დიდი ტრადიცია და რესურსი. ასევე მინდა აღვნიშნო “სამგურალი”, რომელიც თასის ფინალში გავიდა და ეს შემთხვევით არ ხდება. თუნდაც გავარდნილი “სამტრედია” რომ ავიღოთ – ჩემპიონი დაამარცხა! მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ ჩემპიონატში ყველაზე მეტად ვნახე მწვრთნელების მიერ გაწეული სამუშაო. თითოეული გუნდი კარგად ემზადებოდა კონკრეტული მატჩისთვის. ეს აუცილებლად აისახება ფეხბურთელების სათამაშო დონეზე. აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ “თელავში” ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა მოუმატა ასაკისდა მიუხედავად.

– აღსანიშნავია ისიც, რომ პანდემიამ მთლიანად შეცვალა რეალობა ჩვენს საკლუბო ფეხბურთში – საკადრო დანაკლისები, შემჭიდროვებული კალენდარი….

– რა თქმა უნდა, ასე იყო. წარმოიდგინეთ, საღამოს ვარჯიში გაქვს დაგეგმილი და არ იცი, რამდენი ფეხბურთელი გეყოლება. ასეთ შემთხვევაში რა და როგორ უნდა დაგეგმო?! მე დამეხმარა ის გამოცდილება, რომელიც ნაკრებში მუშაობის დროს მივიღე. როტაციით და სწორი დაგეგმვით შევძელით, რომ ეს შედარებად ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო “თელავისთვის”. ნაკრები ტყუილად არ მიხსენებია – იქ ცოტა დროში რაც შეიძლება მეტის გაკეთება უნდა მოასწრო. ფაქტობრივად, ფორსმაჟორში გიწევს მუშაობა.

– მოდით, იმ პრობლემებზეც ვთქვათ, უმაღლეს ლიგაში დასაქმებულ მწვრთნელებს რომ გიწევთ გამკლავება

– ჩემი გუნდის მაგალითზე ვიტყვი. ჩვენ არ გვქონდა სავარჯიშო მინდორი. ბაზა ისეთ მდგომარეობაშია, რომ ხელის შევლებას ითხოვს. ბევრი გუნდი ვარჯიშობს თბილისში, ოლიმპიურ სოფელში და ასე შემდეგ. ძალიან რთულია, როცა მთელი კვირის განმავლობაში ვარჯიშობ ხელოვნურ მინდორზე და სათამაშოთ გადიხარ ბუნებრივზე. რასაც გეგმავ, თავდაყირა დგება ყველაფერი. ინფრასტრუქტურული კუთხით ძალიან ბევრი გაკეთდა, მაგრამ მინდვრებს თუ კვალიფიციურად არ მოვუარეთ, ისე არაფერი გამოვა. გუნდი, რომელსაც აქვს მიზანი, რომელიც თამაშობს უმაღლეს ლიგაში, უნდა იყოს გამართული ინფრასტრუქტურის მხრივ, უნდა ჰქონდეს ბაზა და სტადიონი. “ზესტაფონში” რომ ვმუშაობდი, იქ ისეთი პირობები იყო, დღესაც სანატრელია ბევრისთვის. ფეხბურთში ბაზა, სტადიონი, ინფრასტრუქტურაა მთავარი. ვარჯიშამდე დიდ გზას რომ გაივლი, მერე წავა შინ ფეხბურთელი, ვინ იცის, რას ჭამს, როგორ ისვენებს…

– ფაქტია, მიმდინარე სეზონმა გვარიანი გამოცდილება შეგძინათ

– ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო. ჩემი დევიზი ეს არის – ღმერთმა დამიფაროს, ისეთი ვიყო დღეს, როგორიც სამი თვის წინ ვიყავი და იგივე ვიყო სამი თვის შემდეგ, რაც დღეს ვარ! რა არის პროფესიონალიზმი? როცა შენ ბოლომდე ეკუთვნი შენს საქმეს, მთლიანად ჩაფლული ხარ მასში. ძალიან მინდა, მომავალ სეზონში მაღალი მიზნები გვქონდეს. მინდა, ისეთ გუნდში ვიმუშაო, რომელსაც მაღალი მიზნები ექნება.

სპორტული გაზეთი “ლელო”