– ბატონო გიორგი, შევაფასოთ “დინამოსთან” მატჩი?

 – ჩვენ ვეთამაშეთ თბილისის “დინამოს”, ვიცოდით მისი ძლიერი და სუსტი წერტილები და ვიმუშავეთ ყველაფერზე, რაშიც ჩემი სტაფი და ჩემი ფეხბურთელები მომყვებიან ბოლომდე. ჩვენ ჯერაც გუნდის შენების პროცესში ვართ, მეტი სიახლის ძიებაში, ასე რომ, ჩვენთვის ყველა მატჩი, როგორც ბოლო, ისეა – ვთამაშობთ თელავისთვის.

 – ერთგვარი მოულოდნელობა იყო ძირითადში ძალიან ახალგაზრდა პარკინაშვილის გამოჩენა, თუმცა მისმა თამაშმა სასიამოვნოდ გააოცა სტადიონზე მოსული გულშემატკივარი…

 – არა მხოლოდ პარკინაშვილი, იგივე კვერნაძე, მუჯირი, ხაბულიანი… მჯერა, ეს ბიჭები თავის სიტყვას აუცილებლად იტყვიან თუ ასე გააგრძელებენ და დარწმუნებული ვარ, რომ შეუძლებელს შეძლებენ მოთმინებით, მეტი შრომით და საქმისადმი სწორი მიდგომით – ჩვენი სტაფიც ყველაფერს გავაკეთებთ და ყველანაირად ვეცდებით, რომ ამ ახალგაზრდებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი და მივცეთ სწორად განვითარების საშუალება.

 – ბიჭებმა, რომ იტყვიან, მოედანზე ყველაფერი დადეს. რა დაგვაკლდა მოსაგებად?

 – ჩემი ბიჭები არამარტო თამაშზე, ვარჯიშებზეც ბოლომდე იხარჯებიან, რასაც მოაქვს ზუსტად შედეგი – სხვანაირად არ გამოდის. შეუძლებელია, მიაღწიო ხალხის სიყვარულს და ტაშს თუ ბოლომდე არ დაიხარჯე. ფეხბურთი, ერთგვარი თეატრია, ხალხი მოდის, რომ ისიამოვნოს და ტაში დაგიკრას. ჯერჯერობით, ბიჭები ახერხებენ ყოველ თამაშზე ამ ყველაფერს და მადლობა მათ ამ სიამოვნებისთვის.

 – ქომაგებს ძალიან მოსწონთ თქვენი მუშაობა, თამაშში სრულად ხართ ჩართული…

 – უღრმესი მადლობა “თელავის” გულშემატკივარს, იმ სითბოსთვის და გვერდში დგომისთვის, რომელსაც ყოველი მატჩისას ვგრძნობთ – ჩვენ პირველ რიგში ვცდილობთ, მათ მივანიჭოთ სიამოვნება.

 – შეგიძლიათ თქვათ, რომ ჩვენს გუნდს უკვე აქვს ჩამოყალიბებული ხელწერა, თამაშის საკუთარი სტილი?

 – ჩვენს გუნდს უკვე აქვს და ექნება ყოველთვის სახე და ხასიათი – ბრძოლა ბოლომდე, ვისიამოვნოთ ფეხბურთით და ჩვენი თამაშით, შედეგებით ვასიამოვნოთ გულშემატკივარი.

სკ “თელავის” პრესსამსახური