– ბატონო გიორგი, პირდაპირ ვთქვათ: სტარტი ჩინებული, ოთხი ტური, 7 ქულა და ერთი თამაში მარაგში. ელოდით ამ შედეგს?

 – წინასწარ არავინ იცის, რა მოხდება, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ მინდორზე გავდივართ სათამაშოდ და სიამოვნების მისაღებად. უბრალოდ, მოტივაციას გვაძლევს ჩვენი ერთად ყოფნა, ამ ბიჭების შრომა და რა თქმა უნდა, გუნდური სულისკვეთება. კიდევ ერთხელ ვამბობ, წინასწარ ვერც ერთი გუნდი ვერ დაგეგმავს ვერაფერს, იმიტომ, რომ ეს ფეხბურთია.

 – „გაგრასთან“ მატჩზე გკითხავთ – ფრით ქულა ავიღეთ თუ პირიქით, ორი დავკარგეთ?

 – სიმართლე გითხრათ, დაკარგვით არაფერი დაგვიკარგავს იმიტომ, რომ „გაგრა“ ძალიან კარგი გუნდია, თავისი ძალიან მაგარი მწვრთნელით. ჩემი აზრით, საბოლოო შედეგი ლოგიკური იყო. უბრალოდ, გული მწყდება, 2:1 ვიგებდით და თამაში ბოლომდე ვერ მივიყვანეთ გამარჯვებამდე.

 – კეთილი. მოდით, ახლა თელაველ გულშემატკივარს უკეთ გაეცანით და ის პერიოდი გაიხსენეთ, სამწვრთნელო საქმიანობა, რომ დაიწყეთ – ბევრმა არ იცის, რომ პრაქტიკული კურსები, თვით მადრიდის „რეალში“ გაქვთ გავლილი და „სამეფო კლუბის“ ვარჯიშებსაც უშუალოდ მოედნიდან ადევნებდით თვალს…

 – მწვრთნელობა „საბურთალოში“ დავიწყე. აქტიურ ფეხბურთს შევეშვი თუ არა, ფაქტობრივად, მაშინათვე ჩავერთე ახალ საქმეში. თავიდანვე ნამდვილად გამიჭირდა, ძნელი აღმოჩნდა თამაშისთვის თავის დანებება, მაგრამ ძალიან დამეხმარა ამ მხრივ ახალ საქმეზე გადართვა, რაც მეტწილად „საბურთალოს“ დამსახურებაა და მინდა, მათ ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება კვალიფიკაციებს, ვფიქრობ, მწვრთნელი მუდმივად უნდა ფიქრობდეს წინსვლაზე და განვითარებაზე და თუ ექნება საშუალება, უცხოეთშიც უნდა გაიაროს შესაბამისი კურსები. მე ამ მხრივ ნამდვილად გამიმართლა, როდესაც „რეალის“ საწვრთნელ ბაზაზე ვიყავი და ჯერ რაფაელ ბენიტესის, შემდეგ კი ზინედინ ზიდანის ვარჯიშებს ვადევნებდი თვალს. ამათ გარდა, საკმაოდ ბევრ ქართველ თუ უცხოელ სპეციალისტებთან გავიარე პრაქტიკა და ყველას მადლობელი ვარ: მომიწია ლატვიაში თამაზ პერტიასთან, უნგრულ „ფერენცვაროშში“ სერგეი რებროვთან და მომიწია ისეთ ქართველ მწვრთნელებთან ურთიერთობა, რომელთაც წონადი სიტყვა ეთქმით ქართულ ფეხბურთში – გიორგი დევდარიანი, ვოვა მუსერიძე, თემურ შალამბერიძე, გიორგი ჭიაბრიშვილი, გია გეგუჩაძე, კახა ჩხეტიანი, აგრეთვე ესპანელი ანდრეს კარასკო. ერთი სიტყვით, ძალიან კარგ და მცოდნე ხალხთან ურთიერთობით ნამდვილად ბევრი ვისწავლე და მინდა, გითხრათ, რომ დღესაც ვსწავლობ.

 – ბოლო წლებია, „თელავიდან“ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში რეგულარულად იწვევენ ფეხბურთელებს, რაც ჩვენი გუნდისთვის ცხადია, ძალიან პრესტიჟული და საამაყოა. აი, ახლაც, 19-წლამდელებში ლევან თანდილაშვილი და გიორგი კვერნაძე გამოიძახეს, ცოტნე კაპანაძე კი 21-წლამდელების წევრია…

 – რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, სასიხარულო და ნამდვილად საამაყო, როცა შენი გუნდიდან ერთბაშად სამი ფეხბურთელი მიდის საქართველოს ნაკრებში. ჩვენც, თავისთავად ყველანაირად ვეცდებით, რომ ნაკრებში ფეხბურთელები მაქსიმალურად მომზადებულები გავუშვათ და ამ მხრივ არაფერზე დავიხევთ უკან – თანდილაშვილი და კვერნაძე ახალგაზრდა, მშრომელი და მონდომებული ბიჭები არიან და ცხადია, მიხარია, მათი ნაკრების წევრობა და წინსვლა. იგივეს ვიტყვი კაპანაძეზეც და ვფიქრობ, სამივეს წინ ძალიან დიდი მომავალი აქვს.

 – იმედია, არ გვიწყენენ ჩვენი ბიჭები თუ კვერნაძეზე გამორჩევით გკითხავთ – გიორგიმ, თავისი თამაშით ბევრი აღაფრთოვანა, თქვენ მის შესაძლებლობებს მშვენივრად იცნობთ…

 – არ მგონია, რომ ვინმეს ეწყინოს, თუმცა იმას კი ნამდვილად ვიტყვი, რომ კვერნაძეს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი და ჩამოსაყალიბებელი, რაც პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის. რა თქმა უნდა, რასაც აკეთებს და თამაშობს, კარგია, მაგრამ მისი, უფრო მეტად წინსვლა-განვითარებისთვის კვლავ განვმეორდები – უფრო მეტად უნდა იშრომოს, იმუშაოს საკუთარ თავზე და თუ არ დაიზარებს, ბევრად მოუმატებს. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ერთსაც ვიტყვი: აქა-იქ, ვნახე მისი თამაშის შეფასება და შედარება სხვა ფეხბურთელებთან, რაც პირდაპირ გითხრათ, არ მომწონს. შექებას იმსახურებს თუ არა, სხვა თემაა, მაგრამ მე უფრო ის მინდა, რომ გიორგიმ, პირველ რიგში ფეხბურთი ითამაშოს და სხვა რაღაცებზე არ იფიქროს. ასე რომ, ჩემი თხოვნა ყველასთან იქნება, მაქსიმალურად მოვერიდოთ მსგავს შედარებებს

 – თქვენ წარმოშობით ქუთაისელი ხართ, ჩვენი მომდევნო მეტოქე კი „ტორპედოა“, გუნდი, რომელსაც მშვენივრად იცნობთ…

 – დიახ, ასეა, ქუთაისიდან ვარ, ასე ვთქვათ, წმინდა საფეხბურთო ოჯახიდან – მამაჩემი და ჩემი ძმა, ორივე თამაშობდა „ტორპედოში“. მართალია, „ტორპედოში“ მე არ მითამაშია, მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქის გუნდი, ჩემი ქალაქი, გულშემატკივარი. გეცოდინებათ, „ტორპედოში“ შარშან ვმუშაობდი კიდეც, კახა ჩხეტიანის ასისტენტი ვიყავი, თუმცა ახლა „თელავში“ ვარ და სხვა გამოწვევა მაქვს – მართალია, „ტორპედო“ ტრადიციული გუნდია და მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ ვემზადებით მთელი შემართებით და მაქსიმალური მობილიზებით, სხვანაირად არც შეიძლება იყოს.

 – მითუმეტეს, 20 მარტს „თელავის“ ქომაგი სეზონის პირველ საშინაო შეხვედრას მოუთმენლად ელის…

 – ჩვენც მოუთმენლად ველოდებით, რადგან ამ სეზონში ჯერ შინ არ გვითამაშია და მშვენივრად ვიცით თუ რამდენს ნიშნავს საკუთარი გულშემატკივრების წინაშე თამაში – ვიცი, რომ „თელავს“ მართლაც ძალიან მაგარი ქომაგი ჰყავს, სამივე გასვლით შეხვედრაში ვგრძნობდით მათ მხარდაჭერას და მჯერა, 20 მარტს ტრიბუნებზე ძალიან ბევრნი იქნებიან, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი თამაშით მათ დავუფასოთ მხარდაჭერა, გავახაროთ და ვასიამოვნოთ სტადიონზე მოსული გულშემატკივარი.

სკ “თელავის” პრესსამსახური