“სამტრედიასთან” 2:1 მოგებული მატჩი და ზოგადად, ჩვენი გუნდის მზადების პროცესი მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭელიძემ შეაფასა…

 – დღევანდელ თამაშში, ბიჭებს რა დავალებაც ჰქონდათ, ის შეასრულეს, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზებიც – საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ, მაგრამ ბევრი ფეხბურთელიდან უფრო მეტს ველოდები. რაც მთავარია, ბიჭები მცდელობას არ აკლებენ და ყველანაირად ცდილობენ, მიცემული დავალება მოედანზე გადაიტანონ.

 მოდით, სულ თავიდან დავიწყოთ: “თელავის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნეთ და მზადებაც, თითქმის მაშინვე დავიწყეთ – ფაქტობრივად, ახალი გუნდი 20 იანვარს შეიკრიბა…

 – დიახ, ასე გამოვიდა: სხვა გუნდებისგან განსხვავებით, მზადება მართლაც გვიან დავიწყეთ, ფაქტობრივად, ფორსმაჟორში მომიწია ყველაფრის გაკეთება და ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ერთმანეთის თანადგომით და ბიჭების თავდაუზოგავი შრომით, ახლა გუნდის სახე გვაქვს და ეს ძალიან მახარებს, აშკარად წინ მივიწევთ. უბრალოდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალინ გვიან დავიწყეთ და მხოლოდ ეს მადარდებს, თუმცა ბიჭების იმედი მაქვს და მათი მაგრად მჯერა.

 – გუნდში საკმაოდ იყვნენ გასინჯვაზე მყოფებიც და გვყავს, ახალწვეულებიც – კმაყოფილი ხართ?

 – სიმართლე გითხრათ, თავს შევიკავებდი კომენტარის გაკეთებაზე, რადგან არ მინდა, ვინმეზე ცუდი ვთქვა ან კარგი, მაგრამ რაკი მკითხეთ, გეტყვით: პირდაპირი კაცი ვარ და ამ ეტაპზე მთლიანობაში გუნდის კმაყოფილი ვარ, ნამდვილად გვყავს კარგი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ გუნდს სარგებელი მოუტანონ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბიჭებს გაწეული სამუშაოსთვის, ძალიან მაგარი ბიჭები არიან და გახარებული ვარ, ასეთი შეკრული სიტუაცია რომ გვაქვს. მინდა, აგრეთვე მადლობა ვუთხრა კლუბის ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც გუნდის გვერდითაა და საერთო წარმატებისთვის თავს არ ზოგავს.

 – მთლიანად მზადების პროცესზე რას იტყვით, გეგმის მიხედვით წარიმართა?

 – გეგმის მიხედვით, ნამდვილად მივდივართ, უბრალოდ, ერთხელაც გავიმეორებ, კიდევ ორი კვირა რომ გვქონოდა, უკეთესი იქნებოდა. რას ვიზამთ, რეალობა ახლა რაც გვაქვს, შევეცდებით, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვუმატოთ. ფაქტობრივად, გზადაგზა დავიმატეთ ფეხბურთელები და მოკლე დროში რთულია შეთამაშება, ჩემპიონატიც კარს მოგვადგა, თუმცა ჩვენ ჩვენსას ვეცდებით ყველანაირად და ვნახოთ, რა გამოგვივა.

 წლევანდელი სეზონი, თქვენთვის ერთგვარი გამოწვევაა – მთავარი მწვრთნელის რანგში ეროვნულ ლიგაში დებიუტი გექნებათ…

 – პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას ნდობისთვის და მჯერა, რომ ერთობით ნამდვილად ძლიერები ვიქნებით. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს ნამდვილად გამოწვევაა, პირველია, ძალიან საინტერესოა და ხელმძღვანელობაც, გუნდიც და სტაფიც გვერდში მიდგას. დარწმუნებული ვარ, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით და თავდაუზოგავი შრომით, სასურველ შედეგს მივაღწევთ – რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, ყველამ უნდა ვითამაშოთ თელავისთვის და არა ჩვენი თავებისთვის.

 – დაბოლოს, “თელავს” ძალიან ერთგული და გვერდში მდგომი გულშემატკივარი ჰყავს, თუმცა საკმაოდ მომთხოვნიც. ქომაგებს რას ეტყვით?

 – დიახ, ვიცი, “თელავს” ძალიან მაგარი გულშემატკივრები ჰყავს და ქომაგებიც ზუსტად ის ხალხი არიან, ვისაც ყველაფრის რეალურად აღქმა და სწორი ანალიზის უნარი აქვთ. ცხადია, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ გულშემატკივრები ჩვენი შრომით, თამაშით და შედეგებით გავახაროთ, ერთმანეთის გვერდში დგომით ხომ ყველას, ერთი მიზანი გვაქვს – “თელავი” იყოს ღირსეული და ყველასთვის ანგარიშგასაწევი გუნდი.

სკ “თელავის” პრესსამსახური