– “საბურთალო”, “ლოკომოტივი”, “სიონი” – შევაფასოთ სამივე მატჩი?

 – პირველ რიგში, მინდა, ყველას მივულოცო გუშინდელ მატჩში გამარჯვება, მართლაც კარგი, მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ. რაც შეეხება თამაშების დაყოფას, “საბურთალოსთან” რთული თამაში გამოვიდა, იყო რაღაც მიზეზები, რამაც იმოქმედა ბიჭებზე და მთლიანად გუნდზე, გვქონდა შეცდომებიც, მაგრამ რას ვიზამთ, ფეხბურთია და ჩვენც ვცდილობთ, ამ შეცდომებზე ვისწავლოთ და ხარვეზები აღმოვფხვრათ. “ლოკომოტივთან” და “სიონთან” მატჩები სწორედ ამის გამოძახილი იყო, ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს, ის დავალება, რაც ამ თამაშებში მივეცით, მინდორზე ზედმიწევნით გადაიტანეს, მშვენივრად ასახეს შედეგებში და გაახარეს გულშემატკივრები.

 – ზედიზედ ორი მნიშვნელოვანი გამარჯვება უშუალო კონკურენტებთან გუნდის ფსიქოლოგიურ განწყობას ნამდვილად შეცვლიდა…

 – ორივესთან მართლაც მნიშვნელოვანი თამაშები გვქონდა, “ლოკომოტივი” და “სიონი” ჩვენი პირდაპირი კონკურენტები არიან და უბრალოდ, არ გვქონდა უფლება, რომ მათთან ქულები დაგვეკარგა. მინდა, ბიჭებს დიდი მადლობა გადავუხადო თავდადებული შრომისთვის, ვარჯიშებზე და თამაშებზე მაქსიმალურად იხარჯებიან და ჩემთვის ერთი სიამოვნებაა მათთან მუშაობა.

 – ბიჭებს, მართლაც უღრმესი მადლობა, თითოეულ თამაშში სულს და გულს დებენ, მაქსიმალურად, ბოლომდე იხარჯებიან და შედეგიც შესაბამისი გვაქვს…

 – სხვანაირად არც გამოდის – ფეხბურთელი, რომელიც გუნდშია და ბოლომდე არ დაიხარჯა, გამორიცხულია, ფეხბურთის და თამაშის დინამიკას აჰყვეს. ჩვენ, ასე ვთქვათ, ერთმანეთზე ვართ მიბმულნი და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ნამდვილად ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ მერგო ეს ჯილდო და სიამოვნება, რასაც მათთან მუშაობისას განვიცდი.

 – ყოველი მატჩისშემდგომი კომენტარისას, არ გავიწყდებათ გულშემატკივრები და მათ მუდამ ემადლიერებით. შესაბამისად, თქვენი და სტაფის საქმიანობით ქომაგიც კმაყოფილია…

 – ჩვენ ძალიან მაგარი გულშემატკივრები გვყავს, მათი ნებისმიერი ტაში და გამხნევება ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენც ვცდილობთ, ისინი ჩვენი თამაშით და შედეგით გავახაროთ – კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ ვთამაშობთ თელავისთვის და თელაველი ხალხისთვის!

სკ “თელავის” პრესსამსახური