“სამგურალი”, “დინამო”, “ტორპედო”… ზედიზედ სამი თამაში სახლში და სამივე ფრე. შევაფასოთ?

 – სამივე თამაშს თავის დატვირთვა ჰქონდა და ვფიქრობ, გუნდმა სამივე მათგანთან ძალიან კარგად ითამაშა. ერთის მხრივ კარგია, რომ თამაშებს არ ვაგებთ და გუნდი აშკარად პროგრესირებს, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და საუკეთესო იქნებოდა, რომ მოგვეგო, მაგრამ რას ვიზამთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გუნდი ჯერაც შენების, ჩამოყალიბების პროცესშია და მთლიანობაში უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, მადლობელი ვარ ჩემი ბიჭების და კიდევ უფრო მეტს ველოდები მათგან.

 – სამივე თამაშში საგოლე მომენტები საკმარისზე მეტად გვქონდა, მაგრამ…

 – რაც შეეხება მომენტებს, მათ რეალიზაციაზე ნამდვილად გვაქვს სამუშაო და დარწმუნებული ვარ, გამოვასწორებთ, ჩვენი შემტევები აუცილებლად იპოვნიან თავიანთ თამაშს და გოლების გატანასაც დაიწყებენ. ბიჭები ნამდვილად არ აკლებენ შრომას ვარჯიშებზე, უბრალოდ, არგამართლების, უიღბლობის პერიოდი გვაქვს და მჯერა, მალე დავძლევთ.

 – ზედიზედ ხუთი მატჩია, არ მოგვიგია და ბუნებრივია, კმაყოფილი ვერ იქნებით, თუმცა სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, მთლიანობაში შედეგს ურიგო არ ეთქმის…

 – ასეა, მაგრამ რას ვიზამთ, ხდება – ფეხბურთია და ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს გამოვასწოროთ და ისევ დავიწყოთ მოგებები. რაც მთავარია, არ ვაგებთ და ვფიქრობ, გუნდს ამითაც უყალიბდება მენტალიტეტი, რაც მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

 – ოთხი ფეხბურთელი ტრავმების გამო არ გვყავს, მათი მდგომარეობა ახლა როგორია?

 – ოთხივე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მითუმეტეს ასეთი დატვირთული კალენდრის ფონზე, როცა მიყოლებით გვაქვს თამაშები. რა თქმა უნდა, გვაკლია ტრავმირებულები, მაგრამ მათი რეაბილიტაციის პერიოდი კარგად მიმდინარეობს და გუნდსაც მალე შემოუერთდებიან.

 – მორიგი თამაში გორში გვაქვს “დილასთან”…

 – გორის “დილა” ძლიერი და ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. განსაკუთრებით კარგია, როცა შინ თამაშობს, ძალიან ლამაზ და ხარისხიან ფეხბურთს თამაშობენ, ჰყავთ საკმაოდ კვალიფიციური ლეგიონერებიც. ერთი სიტყვით, საკმაოდ რთული თამაში გველის და ჩვენც ყველანაირად ვეცდებით, მაქსიმალურად გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები.

სკ “თელავის” პრესსამსახური