2022 წლის პირველი მატჩი (“შევარდენთან” 4:0) ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭელიძემ შეაფასა…
– გიორგი, გილოცავთ! მართალია, ტესტ-მატჩი იყო, მაგრამ მოგება ყოველთვის სასიამოვნოა, მითუმეტეს, დღევანდელი თამაში თქვენთვის, როგორც “თელავის” მთავარი მწვრთნელის რანგში, სადებიუტო იყო…
– მოლოცვისთვის მადლობა. პირველი მოგება, რა თქმა უნდა, ყოველთვის სასიხარულოა. გეთანხმებით, ტესტ-მატჩი იყო, მაგრამ “თელავის” მთავარი მწვრთნელის რანგში ეს თამაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ და ცხადია, გამარჯვება ძალიან გამიხარდა…
… რაც შეეხება კონკრეტულად შეფასებას, მოსამზადებელ ეტაპს გავდივართ და მინდოდა, ყველა ფეხბურთელის შესაძლებლობები მაქსიმალურად მენახა – მატჩი ძლიერი დატვირთვების ფონზე გვქონდა და ბიჭებმაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, მთლიანობაში მათი გარჯით კმაყოფილი ვარ…
… გვქონდა კარგი მომენტები და, რა თქმა უნდა, გვქონდა ხარვეზებიც, რაც ბუნებრივია – ფეხბურთი შეცდომის გარეშე არ არსებობს და სამუშაოც საკმაოდ გვაქვს, რომ ეს შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ და აღმოვფხვრათ…
… მოკლედ, მიმდინარეობს გუნდის შენება, ვყალიბდებით და ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩვენი თამაში იყოს სანახაობრივი, ხარისხიანი და შედეგიანი…
… ბოლოს კი ბირთვზე, იმ ბიჭებზე ვიტყვი, ვინც დარჩა “თელავში” – მიხარია და ძალიან სასიამოვნოა მათთან მუშაობა. რა თქმა უნდა, ჯერაც ერთმანეთის გაცნობის პროცესში ვართ, მაგრამ ვგრძნობ და ვხედავ, როგორი პროფესიონალები და კლუბის ერთგულები არიან, ეს კი ძალიან დასაფასებელია და მჯერა, მათი საქმისადმი დამოკიდებულება ძალიან წაგვადგება…
სკ “თელავის” პრესსამსახური