… ბაბუა მცველი, მამა შემტევი, შვილი თავდამსხმელი – ერთი ოჯახის სამი თაობა, სამივე ერთი და იგივე სახელით და გვარით, იშვიათი კი არა, მსოფლიოში ანალოგი თითქმის არ არსებობს…
… დავით მუჯირი, საფეხბურთო საქართველოსთვის ცნობილი სახელი და გვარია, შედარებით სტაჟიან გულშემატკივრებს ყველაზე უფროსი მუჯირი ლეგენდარული თბილისის “დინამოდან” ემახსოვრებათ, არანაკლებ სახელიანი და ტიტულიანი გახლდათ და გახლავთ მისი ვაჟიც, რომელიც ასევე თამაშობდა “დინამოში”, საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც არაერთი ეფექტური გოლი გაუტანია და დღეს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანია, ყველაზე უმცროსი “მუმუ” კი 23 წლისაა, სკ “თელავის” ღირსებას იცავს და ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ კიდევ უფრო დიდი ფეხბურთი ითამაშოს – აკი თქვა კიდეც მასზე ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭელიძემ, მუჯირს წინსვლა-განვითარებაში ხელს მაქსიმალურად შევუწყობთო:
– დავით, ცნობილი ბაბუის და მამის საქმის გამგრძელებელი ხართ, რაც დიდი პასუხისმგებლობაა…
– გეთანხმებით. მართლაც, რომ დიდი პასუხისმგებლობაა ამ სახელის და გვარის ტარება. ყოველთვის ვცდილობ, როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა ღირსეულად ვატარო.
– ბაბუა მცველი, მამა შემტევი, თქვენ თავდამსხმელი. პროფესია საკუთარი არჩევანი უფროა თუ ოჯახური ტრადიციის გაგრძელება?
– ჩემთვის ფეხბურთელობა არავის დაუძალებია, პირიქით, სულ მეუბნებოდა მამა, რომ ცხოვრებაში მე რაც მინდოდა, ის მეკეთებინა ყოველთვის. მაგრამ ფეხბურთმა ადრეული ასაკიდანვე გამიტაცა და გადავწყვიტე, ბოლომდე გავყოლოდი.
– ახალგაზრდა ასაკში უცხოეთში თამაშიც მოასწარით. მოდით, სლოვაკურ “ზლატე მორავცეში” გატარებული პერიოდი გაიხსენეთ?
– დიახ, ასეა. სლოვაკურ “ზლატე მორავცეში” შარშან ვთამაშობდი, სადაც მართალია, ბევრი სათამაშო დრო არ მქონდა, მაგრამ იქ წასვლას საერთოდ არ ვნანობ. სლოვაკეთში განვლილი პერიოდი განვითარებაში ძალიან დამეხმარა, რაც ვფიქრობ, ჩემი პროგრესის ნაწილია და ყველანაირად ვეცდები, უფრო მოვუმატო.
– დაბრუნდით სამშობლოში და გადმოხვედით “თელავში”. რატომ ჩვენი გუნდი?
– სიმართლე გითხრათ, სულ მიზიდავდა “თელავი”, თავისი ბრძოლისუნარიანობით. გუნდში მაგარი საფეხბურთო გარემოა და ძალიან კარგი ატმოსფეროა. სეზონის დაწყებამდე როდესაც გავიგე, რომ “თელავში” თამაშის ვარიანტი იყო, გადაწყვეტილება მაშინვე მივიღე, არც კი დავფიქრებულვარ.
– გუნდმა ჩემპიონატი მშვენივრად დაიწყო, ბიჭებიც ერთმანეთის გვერდში ხართ, წინ გრძელი სეზონი და კიდევ არაერთი რთული მატჩია…
– საწყისი ტურები ურიგოდ ნამდვილად არ გამოვიყურებოდით, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ მართლაც ბევრი თამაში გველოდება და ყველანაირად ვეცდებით, რაც შეიძლება ბევრი თამაში მოვიგოთ და თელაველი გულშემატკივარი გავახაროთ.
სკ “თელავის” პრესსამსახური