… მეორე წელია, რაც გუნდშია, მაგრამ ასე გვგონია, რომ კარგა ხანია, ჩვენთანაა, ჩვენიანია – თავმდაბალი, ძალიან მოწესრიგებული და უბრალოდ, პროფესიონალი…
… 27 წლის ზურაბ თევზაძე “თელავში” მეორე სეზონს დაიწყებს და ბუნებრივია, ჩვენც, სხვების დარად, მისიც ძალიან გვეიმედება – თევზაძეს მინდორზე არც გამოცდილება აკლია და არც კლასი, პროფესიონალიზმზე კი უკვე გითხარით:
 ზურაბ, შარშანდელი სეზონიდან გამომდინარე, ფაქტია, “თელავს” იოლად შეეწყვეთ და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ხართ…
 – “თელავში” ისეთი კონტიგენტი დამხვდა, სხვაგვარად არც შეიძლებოდა, ყველამ კარგად მიმიღო და მადლობა ამისთვის. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ “თელავს” ძალიან ყურადღებიანი გულშემატკივარი ჰყავს, ზოგიერთი ღირშესანიშნავ დღეებსაც მილოცავს და კეთილ სურვილებს მიგზავნის, რაც ძალიან მსიამოვნებს. რაც შეეხება გუნდის ლიდერობას, ჩემთვის ასეთი შეფასება ნამდვილად დიდი პატივია და მადლობა, თუ ასე ფიქრობთ.
 ვიცით, რომ შემოთავაზებები სხვა გუნდებიდან თქვენც გქონდათ, მაგრამ საბედნიეროდ, კვლავ ჩვენთან ხართ…
 – დიახ, სიმართლეა. მქონდა შემოთავაზებები ქართული გუნდებიდან და იყო ყაზახეთის ვარიანტიც, თუმცა ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ “თელავში” საკუთარი შესაძლებლობები არ ამომიწურავს და მინდა, გუნდს წინსვლა-წარმატებაში დავეხმარო. აქ თავს მართლაც კარგად ვგრძნობ და კლუბის დირექტორთან, სოსო გრიშიკაშვილთან მუშაობა კომფორტულია.
 “თელავი” მოსამზადებელი ციკლის პირველ ეტაპს სადაცაა, დაასრულებს. შეაფასებთ?
 – მოგეხსენებათ, ახალი, მაღალკვალიფიციური სამწვრთნელო შტაბი გვყავს, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ ჩვენი განვითარებისთვის და საერთო მიზნის მიღწევისთვის. ვფიქრობ, მოსამზადებელი ეტაპი ძალიან კარგად მიმდინარეობს. აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გიორგი მიქაძეს და მის შტაბს მადლობა გადავუხადო შარშან გაწეული სამუშაოსთვის.
 და, რა თქმა უნდა, მოახლოებული ჩემპიონატი. ქომაგებს რას ეტყვით?
 – რთული ჩემპიონატის მოლოდინში ვარ, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ სტარტს, რათა შარშანდელი აღარ განმეორდეს. ჩვენს ერთგულ ქომაგებს კი მადლობას ვუხდი გვერდში დგომისთვის, გამხნევებისთვის და ნდობისთვის – შევეცდებით ვალში არ დავრჩეთ.
სკ “თელავის” პრესსამსახური