ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბ “თელავის” ღირსებას 25 წლის ანტონ თოლორდავა, 29 წლის რაფაელ ჩუკურა და 32 წლის ნათან ჟუნიორი დაიცავენ.

ანტონ თოლორდავა – დაიბადა: 1996 წლის 2 აგვისტოს თბილისში; სიმაღლე: 192 სმ; წონა: 90 კგ; ამპლუა: მცველი; ბოლო კლუბი: “ლევადია” (ესტონეთი).

ანტონ თოლორდავა გეცოდინებათ, სტაჟიანი თელაველია, იგი წლების მანძილზე, გუნდის დაარსების დღიდან თამაშობდა “თელავში”, ჩვენი გუნდის კაპიტანიც გახლდათ, ერთ-ერთი გამორჩეული და ქარიზმატული ლიდერიც და წამყვანი ფეხბურთელიც – თოლორდავა ახლა 30 ნომრით ითამაშებს.

რაფაელ უკვუბილე ჩუკურა – დაიბადა: 1992 წლის 17 მაისს ენუგუში (ნიგერია); სიმაღლე: 177 სმ; წონა: 75 კგ; ამპლუა: მცველი; ბოლო კლუბი: “დინამო” (ბათუმი).

რაფაელ ჩუკურაც “ძველი” თელაველია, გამოცდილმა მცველმა მართალია, ერთი სეზონი ითამაშა ჩვენს გუნდში, მაგრამ გულშემატკივრებს შარშან კარგად დაამახსოვრა თავი – ჩუკურა “თელავში” 33 ნომრით ითამაშებს.

ნათან სოარეშ დე კარვალიო ჟუნიორი – დაიბადა 1989 წლის 10 მარტს რიო დე ჟანეიროში (ბრაზილია); სიმაღლე: 184 სმ; წონა: 79 კგ; ამპლუა: თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: “სამტრედია” (სამტრედია).

ნათან ჟუნიორი კი ჩვენს გუნდში ნამდვილად ახალწვეულია, საკმაოდ გამოცდილი ბრაზილიელი თავდამსხმელი ბოლოს “სამტრედიაში” გახლდათ, თუმცა მანამდე არაერთი კლუბი მოიარა: “სკონტო” (ლატვია), “კაპფენბერგი” (ავსტრია), “დილა” (გორი), “სკა ხაბაროვსკი” (რუსეთი), “ტონდელა” (პორტუგალია), “ალ ფატეჰი” (საუდის არაბეთი), “პასუშ ფერეირა” (პორტუგალია) და “აკადემიკა ვიზეუ” (პორტუგალია) – ჟუნიორი “თელავში” 19 ნომრით ითამაშებს.

ფეხბედნიერი იყოს თქვენი დაბრუნება და მოსვლა ბიჭებო ჩვენს დიდ ოჯახში და მრავალი წარმატებები თქვენს გუნდთან ერთად!

სკ “თელავის” პრესსამსახური