საფეხბურთო კლუბი “თელავი” მორიგი მატჩისთვის ემზადება – წყალტუბოს “სამგურალთან” შეხვედრა ხვალ, 4 ივლისს “კავკასიონი არენაზე” გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.
ხვალინდელი მატჩი ცხადია, უმნიშვნელოვანესია ჩვენი გუნდისთვის, ირაკლი რუხაძისთვის კი განსაკუთრებულად – “რუხა” თელაველ ქომაგს ძალიან უყვარს და მის დაბრუნებასაც მოუთმენლად ელის…
– ირაკლი, განწყობა როგორია?
– განწყობა, რა თქმა უნდა, ამაღლებულია და იდეალური. ზედიზედ სამი თამაშის მოგების შემდეგ არც შეიძლება სხვანაირად იყოს.
– გუნდი თელავში დაბრუნდა და ბუნებრივია, მატჩს თელაველი გულშემატკივარიც მოუთმენლად ელის…
– რა თქმა უნდა, გულშემატკივარი ორმაგად ელოდება ხვალინდელ თამაშს და ანალოგიურად ველოდებით ჩვენც. იმედი გვაქვს, რომ გაივსება “კავკასიონი არენა” და მაყურებელსაც კარგი თამაშით ვასიამოვნებთ და მოგებით გავახარებთ.
– შენთვის განსაკუთრებულია თელაველი ქომაგის თვალწინ თამაში…
– ნამდვილად ასეა, ძალიან დიდ სიყვარულს და სითბოს ვგრძნობ მათგან და ორმაგად საპასუხისმგებლოა ჩემთვის.
– მითუმეტეს გოლიც თუ გაიტანე, ძნელი მისახვედრი არაა, რაც მოხდება “კავკასიონი არენაზე”…
– მთავარია, ხვალინდელი მატჩი მოვიგოთ და გოლს რაც შეეხება, გატანის შემთხვევაში ჩემი მეგობარი და ჩვენი გუნდის წევრი გიორგი ვაშაკიძე სიურპრიზს მპირდება და ეს უკვე საინტერესოა. ისე კი, არ დავმალავ, მართლაც ძალიან დიდი სურვილი მაქვს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოგებით და შემდეგ გოლით დავბრუნდე თელაველი გულშემატკივრის წინაშე “კავკასიონი არენაზე” და საამისოდ არაფერს დავიშურებ.
ასე რომ, ძვირფასო გულშემატკივრებო, ხვალ, 4 ივლისს, კვლავ ვერთიანდებით ერთი საქმისთვის და გელოდებით “კავკასიონზე”: ჩვენი ღირსება, ჩვენი გუნდია, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!!!