23 წლის ლუკა სანიკიძე, საფეხბურთო კლუბ “თელავის” კარს უკვე წლებია, რაც წარმატებით და დამაჯერებლად იცავს – ვინც იტყვის “ძირძველი თელაველიაო”, ზუსტადაც, რომ “სანიკაზეა” ნათქვამი…
… 19 წლის იყო, ჩვენთან რომ მოვიდა. მოვიდა და მალევე ჩადგა კარში. აბა, გაიხსენეთ, ლუკას ჩინებული თამაშები და საოცარი “სეივები”, თუნდაც “გივი ჩოხელზე” და თუნდაც “კავკასიონი არენაზე”? ასეთი მართლაც მრავლად იყო – ტყუილად ხომ არაა ნათქვამი, საიმედო მეკარე ნახევარი გუნდიაო!!!
– ლუკა, “თელავი” თქვენს გარეშე წარმოუდგენელია. ვიცით, რომ შემოთავაზებები გქონდათ სხვადასხვა გუნდებიდან, მაგრამ საბედნეროდ, ისევ ჩვენთან ხართ. მიზეზი?
– მიზეზი ის, რომ გუნდთან კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და შევეცდები, “თელავს” უფრო მეტ წინსვლა-წარმატებაში მაქსიმალურად დავეხმარო და გვერდში დავუდგე.
– რას ნიშნავს “თელავი” თქვენთვის? გუნდში ერთ-ერთი სტაჟიანი და რომ იტყვიან, “ძირძველი თელაველი” ხართ…
– ნამდვილად ასეა, “თელავში” ჩამოვყალიბდი პროფესიონალ ფეხბურთელად და ასე ვთქვათ, ჩემი ნაწილია.
– მოახლოებული სეზონისთვის სკ “თელავი” აქტიურად ემზადება, დატვირთვებიც თანდათანობით იზრდება. მოტივაციას დამატებით ახალი მწვრთნელის ფაქტორიც გმატებთ…
– ახალი სისხლია გუნდში და ახალი მიზნებიც გვაქვს. მინდა, წარმატება ვუსურვო გიორგი ჭელიძეს, ლევან ხომერიკს და ბუხუ ოდიკაძეს. მსურს, რომ ეს წელი განსაკუთრებულად საუკეთესო და წარმატებული ყოფილიყოს.
– მეკარეების ვარჯიში და მომზადება ძალიან სპეციფიკურია, თანაც ახლა ახალი მწვრთნელიც გყავთ – საკმაოდ გამოცდილი და თავის საქმეში ერთ-ერთი საუკეთესო თამაზ ოდიკაძე…
– ბუხუ, მართლაც მაგარია და ერთ-ერთი გამორჩეული – დეტალებში გეუბნება და გიხსნის, რა და როგორაა საჭირო. ძალიან მომწონს და საინტერესოა მასთან მუშაობა.
– მოახლოებულ სეზონს, რა თქმა უნდა, თელაველი და “თელავის” გულშემატკივარიც ელოდება – როგორც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, რას ეტყოდით ქომაგებს…
– ქომაგს ვეტყოდი ერთს: ეს გუნდი ბრძოლით, ერთობით და სულისკვეთებით მოვიდა აქამდე, ეს არის ჩვენი მთავარი იარაღი. ამიტომ ჩვენგან ყოველთვის მაქსიმალურს ელოდნენ და რა თქმა უნდა, ახლაც ასე გავაგრძელებთ – სხვანაირად წარმატებას ვერ მივაღწევთ!
სკ “თელავის” პრესსამსახური