… სულ თავიდან მარცხენა მცველი იყო. მერე, როცა საქმეს დასჭირდა, ზემოთაც ასწიეს, დაცვის ცენტრშიც იდგა და მოედნის შუაშიც, ფლანგიც შეუცვლია და შეტევაშიც ყოფილა…
… ერთი სიტყვით, 31 წლის მირიან ჯიქია ჩვენი უნივერსალია, ერთ ხანს, კაპიტნის სამკლავურიც ღირსეულად უტარებია და რაც მთავარია, საქმეში უღალატოა, დაკისრებულ მოვალეობას უდიდესი პასუხისმგებლობით და გულისყურით ეკიდება…
– მირიან, თქვენს გარეშე “თელავი” წარმოუდგენელია…
– ვაფასებ, რომ ასე ფიქრობთ. „თელავში“ უკვე მეექვსე წელია, რაც ვთამაშობ და ეს კლუბი ჩემი მეორე სახლია. აქ ნამდვილად საოცარი ატმოსფეროა – ბიჭები ერთმანეთს განსაკუთრებულად ვუდგავართ მხარში და სტიმულსაც ეს გვაძლევს, გვიხარია თითოეულის წარმატება, კარგი შედეგი და კარგად ჩატარებული მატჩი. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი ყველა თამაშში მოედანზე მოსაგებად გადის და ეს შემართება მის ხასიათზეც აისახება: სტაბილურად გამოვიყურებით და ბევრისთვის მოულოდნელ შედეგებს ვაჩვენებთ-ხოლმე.
– გამოცდილი, სტაბილური და თითქოს, მშვიდი – ეს მოედანზე და მოედნის მიღმა?
– რა გითხრათ, ცოტა არ იყოს, მიჭირს საკუთარ თავზე ლაპარაკი, არ მჩვევია. ერთი ვიცი, რომ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და მუდმივად მზადყოფნაში ვარ, გუნდს სადაც დასჭირდება, იქ ვიყო… შესაძლოა, ისე ჩანს, რომ ზოგადად, მშვიდი ვარ, მაგრამ, როდესაც თამაშში, ბრძოლაში ხარ ჩართული, სიმშვიდის შენარჩუნება არ გამოდის.
– მზადების პროცესზე რას იტყვით?
– გეგმის მიხედვით, ინტენსიურად მიმდინარეობს, დატვირთვებიც თანდათანობით მატულობს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ახალი სეზონისთვის გულშემატკივარს სწორედ ისეთი „თელავი“ დახვდეს, როგორსაც ელოდება და რასაც მიჩვეულები არიან, სხვანაირად არც შეიძლება.
– გულშემატკივრები ახსენეთ და როგორც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, რას ეტყოდით ქომაგებს?
– არ შემიძლია, განსაკუთრებულად არ გამოვარჩიო ჩვენი გულშემატკივრები და მათი მუდმივი თანადგომა. მატჩის დროს თითოეული მათგანის შეძახილი და გამხნევება, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და დადებითად მოქმედებს განწყობაზე. თელავი მართლაც საოცარი ქალაქია – ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ თელავ ქალაქს ჩვენმა გუნდმა დიდი ფეხბურთი დაუბრუნა და ეს აქ ნამდვილად იგრძნობა, ყოველთვის ვგრძნობთ თელაველების სიყვარულს და მხარდაჭერას, ვამაყობთ ამით.
სკ “თელავის” პრესსამსახური