• სფფ-ის პრეზიდენტი მთავრობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დაესწრო
  • ‘აღნიშნული დაშვება მოხდება შეზღუდვებით, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით’

სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დღეს გამართულ მთავრობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დაესწრო, რომელზეც სტადიონებზე მაყურებლის დაშვების საკითხი განიხილეს. საბჭოს გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში პროტოკოლში ცვლილებები შევა მაყურებლის დაშვებასთან დაკავშირებით. აღნიშნული პროტოკოლის მიხედვით მოხდება მატჩის საორგანიზაციო რეგულაციების შემუშავება და შესაბამისად მოხდება ტურის დაწყების წინ კლუბების ინფორმირება.

ლევან კობიაშვილი: “თვეზე მეტია, რაც ჩემპიონატი დაიწყო, თუმცა მაყურებლების გარეშე. ალბათ ნანახი გაქვთ კადრები, როცა სტადიონებს მიღმა ადამიანები იკრიბებიან ვიწრო სივრცეში და ეს ნამდვილად არ არის სასურველი. შესაბამისად, დადგა გულშემატკივრების სტადიონზე დაშვების საკითხი.

სასიხარულოა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში პროტოკოლში იქნება შეტანილი გულშემატკივრის საფეხბურთო მატჩებზე დასწრების საკითხი. აღნიშნული დაშვება მოხდება შეზღუდვებით, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, სტადიონის ტევადობის შესაბამისად. თითოეული გულშემატკივრის პასუხისმგებლობაა, დაიცვას ის მოცემულობა, რაც პროტოკოლით იქნება გათვალისწინებული.”

შეგახსენებთ, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა მესამე ტურით 25 ივნისიდან განახლდა. ხოლო 13 ივლისიდან, ასევე მესამე ტურით განახლდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2. ამ ეტაპზე ქვეყანაში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, მატჩები მაყურებლის გარეშე მიმდინარეობს.