საფეხბურთო კლუბ “თელავის” მეომარია, მებრძოლი და შეუპოვარი, მოედანზე ფუტკარივით მუშა და მშრომელი, ურთიერთობაშიც ლაღი და გულიანი – 27 წლის ფირუზ მარაქველიძე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც, მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, გუნდში დარჩა და ვისთვისაც ერთგულება და გვერდში დგომა, ძალიან მნიშვნელოვანია…
 ფირუზ, წლებია უკვე, ჩვენთან ხართ. რას ნიშნავს თქვენთვის “თელავი”?
 – აქ ბევრი საინტერესო და დაუვიწყარი წელი გავატარე და ამ წლებთან ერთად იყო ძალიან ბევრი წარმატება გუნდთან ერთად. ეს ყველაფერი კი ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და მეამაყება, რომ ვარ იმ ყველაფრის ნაწილი, რასაც “თელავი” ჰქვია – აქ მუდამ ოჯახური და დადებითი გარემოა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ “თელავი” ჩემი მეორე სახლია.
 უკვე 10 დღეა, რაც გუნდი ვარჯიშობს და მზადების პროცესიც აქტიურ ფაზაშია გადასული…
 – სეზონისთვის მზადება ნამდვილად აქტიურად მიდის და ყველაფერს დიდი ყურადღება ექცევა: აუცილებელი და საჭიროა, გუნდი კარგად მომზადებული შეხვდეს ჩემპიონატს. კლუბის ხელმძღვანელობა, ახალი სამწვრთნელო შტაბი ამაზეა კონცენტრირებული და ბუნებრივია, ასე ვართ ჩვენც.
 ამასობაში, ერთი ამხანაგურიც ვითამაშეთ…
 – დიახ, ჩავატარეთ ერთი ტესტ-მატჩი, რომელიც დამაჯერებლად მოვიგეთ, მაგრამ ეს არ არის ჩვენი მაქსიმუმი. ეს იყო პირველი თამაში ახალი მწვრთნელის ხელში და აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრი ახალი ფეხბურთელია გუნდში და ბუნებრივია, უკეთ შეთამაშებაა საჭირო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თამაშის ხარისხი მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ კიდევ უფრო აიწევს და სეზონსაც მზად შევხვდებით.
 – ახალ სეზონს გულშემატკივარიც ელოდება – როგორც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, რას ეტყოდით ქომაგებს?
 – ვიცი და ისიც ვიცი, როგორ ელოდებიან სეზონის განახლებას. ერთ-ერთი გამორჩეული ქომაგი გვყავს ეროვნულ ლიგაში და ფეხბურთელისთვის ეს ძალიან დიდი მოტივაციაა. გულშემატკივრებს კი ვეტყოდი, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი გუნდი წარმატებული იყოს და სტადიონზე მოსულებს სიამოვნება მივანიჭოთ ჩვენი თამაშით – თითოეული მატჩის დღე მათთვის დღესასწაულად იქცეს.
სკ “თელავის” პრესსამსახური