… ქართული ფეხბურთის სტაჟიან ქომაგებს მათი თამაში კარგად უნდა ახსოვდეთ ჯერ ბათუმის “დინამოდან”, მერე კი თბილისის “დინამოში” – ორი მაგარი ფეხბურთელი, ბომბარდირი ლევან ხომერიკი, გოლზე დაგეშილი ფორვარდი და ვანო მახარაძე, ძალიან საიმედო მარჯვენა მცველი, შეტევაში რეაქტიული ჩართვებით…
… დღეს ორივე ჩვენთანაა, ახლა უკვე სხვა სტატუსით და რაც მთავარია, ლევანსაც და ვანოსაც ისევ ისე, სიგიჟემდე უყვართ ფეხბურთი და საქმეშიც გულსა და სულს დებენ…

 – ლევან, ვანო… როგორც მთავარი მწვრთნელის ასისტენტები, გიორგი ჭელიძეს როგორ შეეწყვეთ? მასთან ერთად არანაკლებ უზარმაზარ სამუშაოს თქვენც ასრულებთ…

 – ხომერიკი: გიორგისთან ერთად 2005-ში მომიწია თამაში და იქიდან დაიწყო ჩვენი გაცნობაც, თან ორივე თავდამსხმელები ვიყავით – მე კარიერის დასასრულისკენ, გიორგი კი ახალგაზრდა ბიჭი გახლდათ. სასიამოვნო იყო მასთან წყვილში თამაში. ეტყობოდა, რომ ფეხბურთის დიდი სიყვარული ჰქონდა. შემდეგი ჩვენი ურთიერთობა უკვე მწვრთნელის ამპლუაში მოხდა, ერთად გავიარეთ უეფას პრო-ლიცენზიის კურსები და იქ ჩვენ კიდევ უფრო ახლოს გავიცანით ერთმანეთი. მასთან მუშაობა მართლაც ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა, იქიდან გამომდინარე რომ გიორგი არის წესიერი, სამართლიანი, პროფესიონალი, პოზიტიური და ნიჭიერი კაცი. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობით “თელავს” წარმატებას მოვუტანთ.
 – მახარაძე: ნამდვილად არ გამჭირვებია გიორგი ჭელიძესთან თანამშრომლობა. ჩვენ წლებია, ვიცნობთ ერთმანეთს, ერთადაც გვითამაშია ბათუმის “დინამოში”, პრო-ლიცენზიის კურსებიც ერთად გავიარეთ და კარგი მეგობრებიც ვართ. ის ძალიან ნიჭიერი, ახალგაზრდა მწვრთნელია, კარგი საფეხბურთო გემოვნებით; ნიჭიერ და მიზანდასახულ ადამიანებთან მუშაობა კი უფრო გიადვილდება. რა თქმა უნდა, აქ ჩამოვედი საქმის გასაკეთებლად, მაქსიმალურად დავეხმარო კლუბს დასახული მიზნის მიღწევაში, ასევე გავუზიარო ჩემი გამოცდილებაც, რაშიც სრულებით არ ვარ შეზღუდული.

 – ორი ბათუმელი, ახლო წარსულში ორივე მაგარი ფეხბურთელი. რა იყო თქვენი მოტივაცია, რამაც “თელავში” ჩამოგიყვანათ?

 – მახარაძე: ჩვენ მართლაც ბევრი წელი გვაქვს ერთად გატარებული საფეხბურთო და სამწვრთნელო კარიერაში და საკმაოდ წარმატებითაც, ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და გვესმის ერთმანეთის, ბევრი სირთულეებიც გადაგვილახია ერთად, რაც გვიადვილებს კიდეც თანამშრომლობას. ჩვეულებრივ, ცხოვრებაშიც ვმეგობრობთ ოჯახებით! რაც შეეხება “თელავში” წამოსვლის მოტივაციას, რამდენიმე ფაქტორი იყო – ერთ-ერთი ალბათ, ჩემი პროფესიული ზრდის და განვითარების მომენტი და სკ “თელავი” ამის შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა. შემდეგ გიორგი ჭელიძის ფაქტორი, სიამოვნებით დავთანხმდი მის შემოთავაზებას ასისტენტობაზე, მისი პიროვნებისა და პროფესიონალიზმიდან გამომდინარე. ასევე მნიშვნელოვანი იყო კლუბის დირექტორის, სოსო გრიშიკაშვილის ფაქტორი, მე მასაც წლებია ვიცნობ, ასევე ერთად გვითამაშია ბათუმის “დინამოში”, არის ჭეშმარიტი პროფესიონალი, პატიოსანი, შრომისმოყვარე ადამიანი, რომელსაც, როგორც ვიცი, უდიდესი შრომა აქვს ჩადებული ამ გუნდში და დღემდე აგრძელებს. მოკლედ, მთლიანობაში ვფიქრობ, ძალიან კარგი კონტიგენტი შევიკრიბეთ.
 – ხომერიკი: დავეთანხმები ვანოს, ჩვენი ძირითადი მოტივაცია სწორედ გიორგი ჭელიძის და სოსო გრიშიკაშვილის ფაქტორი იყო – ეს ორი ადამიანი ჩემთვის ბევრს ნიშნავს, მათთან ერთად მუშაობა ნამდვილად საინტერესო და სასიამოვნოა.

 – ფაქტია, როდესაც გუნდში ასისტენტებად ისეთი ავტორიტეტები და სახელიანები გყავს, როგორებიც ლევან ხომერიკი და ვანო მახარაძე არიან, მთავარ მწვრთნელს მუშაობა გაცილებით უადვილდება და ბიჭებისთვისაც ერთობ საპასუხისმგებლოა თქვენთან ურთიერთობა…

 – მახარაძე: ჩვენ, ყველანაირად ვცდილობთ, გვერდში დავუდგეთ გიორგის, ამ რთულ საქმეში, ჩვენი ცოდნით და გამოცდილებით. მგონი, კარგად გამოგვდის თანამშრომლობა და რაღაცნაირად ვავსებთ კიდეც ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ყველას ჩვენი კონკრეტული საქმე გვაქვს შესასრულებელი, რასაც მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს, საბოლოო ჯამში კი ჩვენი შრომა უნდა წაადგეს გუნდის წინსვლა-წარმატებას. რაც შეეხება ბიჭებს, ისინი ბოლომდე გვენდობიან და მოგვყვებიან, რაც ძალიან სასიამოვნოა. უნდა ვთქვა ისიც, რომ ასეთი ერთსულოვანი მეგობრული ბიჭები, იშვიათია!
 – ხომერიკი: ბიჭები მართლაც ძალიან კარგები არიან, მე კი ჩემი მხრივ, ყველანაირად ვცდილობ, რა გამოცდილებაც და საფეხბურთო განათლება გამაჩნია, ყველაფერი მათ გავუზიარო.

 მოდით, თქვენს მოთამაშის კარიერაზეც ვთქვათ – ორივე, საფეხბურთო საქართველომ 90-იან წლებში ბათუმის “დინამოდან” გაგიცნოთ, მერე ფაქტობრივად, ერთად გადახვედით თბილისის “დინამოში”, გუნდში, რომელთანაც საქართველოს თასის თუ სუპერთასის ზედიზედ რამდენიმე ფინალი წააგეთ…

 – ხომერიკი: 1991 წლიდან 1995 წლამდე ბათუმის “დინამოში” ვთამაშობდი, 1995-დან 1999-მდე კი თბილისის “დინამოში”, სადაც 4-ჯერ ქვეყნის ჩემპიონი, 3-ჯერ თასის მფლობელი გავხდი და 2-ჯერაც ქვეყნის სუპერთასი მოვიგე. 1998-ში ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი მოვიპოვე, სულ საქართველოში 140 გოლი გავიტანე და ამის მერე გადავწყვიტე, ძალები უცხოეთშიც მომესინჯა: ისრაელში ჰაიფას” ჰაპოელი”, ბელგიაში “მეხელენი” და შვეიცარიაში “აარაუ” – ესენი იყვნენ ჩემი გუნდები და მგონი, მთლიანობაში ურიგო საკლუბო კარიერა არ გამომსვლია.
 – მახარაძე: კი, შეიძლება ითქვას, რომ ბათუმის “დინამო” ჩემი მშობლიური გუნდია, იმ უმშვენიერესი ქალაქისა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სწორედ ამ კლუბში მაქვს გატარებული ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი. იმ ავადსახსენებელ 90-იანებში ძალიან მძიმე პერიოდები გამოვიარეთ, გვყავდა ტალანტები, მაგრამ იყო ნაკლები შესაძლებლობები. ბათუმის “დინამომ” ბევრი რამ შემძინა, როგორც ფეხბურთელს და პიროვნებას. დიახ, მაშინ თბილისის “დინამოსთან” თუ არ ვცდები, 4-ჯერ ვითამაშეთ თასის ფინალი და მხოლოდ ერთში გავიმარჯვეთ, 1998 წელს და ფაქტობრივად, მაშინვე დაგვიძახა მურთაზ ხურცილავამ თბილისის “დინამოში”. ლევანისგან განსხვავებით, მე თბილისში მხოლოდ ნახევარი სეზონი გავატარე და მერე ისევ დავბრუნდი მშობლიურ გუნდში. მე ძალიან ვაფასებ ჩვენი თაობის ფეხბურთს და ფეხბურთელებს, რადგანაც იმ მძიმე წლებში ვემსახურებოდით ამ საქმეს და მოვიტანეთ დღევანდლამდე.

 – ესაუბრებოდე ლევან ხომერიკს და ვანო მახარაძეს და ორივეს, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთისთვის ერთი მაგარი თამაში არ გაახსენო, არ იქნება – “დინამო”-“ბილბაო”, პირველი თამაში 2:1 მოგებული, წინ საპასუხო შეხვედრა და ერთი ხელის გაწვდენაზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი…

 – ხომერიკი: მართლაც სასწაული შანსი გვქონდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში რომ მოვხვედრილიყავით – თბილისში 2:1 მოვუგეთ ბილბაოს “ატლეტიკს”, სადაც პირველი გოლი მე გავიტანე, მეორე კი ლევან ცქიტიშვილმა. სამწუხაროდ, ბასკეთში მინიმალური ანგარიშით, 0:1 დავმარცხდით. არადა, რეალური საგოლე მომენტი 0:0-ზე იქით გვქონდა და გიორგი კიკნაძეს რომ გაეტანა, ვინ იცის… იმ დროს “ბილბაოს” მართლაც ძლიერი გუნდი ჰყავდა, რომლის ოთხი ფეხბურთელიც (ეჩებერია, ურსაისი, ალკორტა, გერერო) იმ დროს ესპანეთის ნაკრებში თამაშობდა.
 – მახარაძე: ეს მართლაც დაუვიწყარი ემოციები იყო ჩემს კარიერაში, ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში თავისი დატვირთვითა და მნიშვნელობით. ჩემთვის დიდი პატივი გახლდათ იმ შემადგენლობის თბილისის “დინამოში” თამაში, გვარებს აღარ ჩამოვთვლი, საფეხბურთო საზოგადოებას თავადაც კარგად ახსოვს. მართლაც ძალიან ახლოს ვიყავით ისტორიულ წარმატებასთან, თბილისში მოგებული საშინაო მატჩის შემდეგ გასვლით მატჩში, ბილბაოში, მეორე ტაიმის დასაწყისში კაცნაკლულები რომ არ დავრჩენილიყავით, შესაძლებელიც იყო ალბათ იმ სასწაულის მოხდენა, რასაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა ჰქვია, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა – ის თამაში ესპანეთის ვიცე-ჩემპიონთან იყო უდიდესი, ფასდაუდებელი გამოცდილება, მადლობა უფალს ამისთვის.

 – საქართველოს ნაკრებში თითქმის არ თუ ვერ ითამაშეთ, არადა, თავდამსხმელ ხომერიკს ბომბარდირული თვისებები და გოლის გატანის შესაშური ალღო ჰქონდა, მარჯვენა მცველი მახარაძე კი საიმედო თამაშით და შეტევაში ჩართვებით გამოირჩეოდა. რა იყო ეროვნულ გუნდში თქვენი უთამაშებლობის მიზეზი?

 – ხომერიკი: საქართველოს ეროვნული ნაკრები ყველა ქართველი ფეხბურთელის ოცნება იყო და ცხადია, მათ შორის ჩემიც. მითამაშია ქვეყნის ყველა ასაკობრივ გუნდში, მაგრამ ეროვნულში, სამწუხაროდ, არა. მიზეზი? ალბათ უფრო იმდროინდელი დიდი კონკურენცია, მაშინ ნაკრებში შოთა არველაძე, თემურ ქეცბაია, ზაზა ჯანაშია და სხვები თამაშობდნენ. ალბათ, სადღაც მეც დავაკელი რაღაც…
 – მახარაძე: გულახდილად ვიტყვი, არ მგონია, რომ მიზეზი გარეშე ფაქტორების ბრალი ყოფილიყო, ალბათ უფრო ვერ დავიმსახურე ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, თუმცა ნაკრების მწვრთნელთა თვალთახედვის არეში ხშირად ვყოფილვარ. ალბათ, ყველაფერი მაინც სამართლიანად მოხდა და გული არაფერზე მწყდება!

 – და ბოლოს: ყველა ერთისთვის, ერთი საქმისთვის – ეს ჩვენი გუნდის დევიზია. მუშაობს?

 – ხომერიკი: რამდენიმე გუნდში მიმუშავია, მაგრამ ეგეთი მუხტი და ერთსულოვნება ნამდვილად არ განმიცდია. კი, აქამდეც მსმენია “თელავის” შესახებ, რომ ძალიან მებრძოლი და შეკრული გუნდი იყო და ახლა, როცა მეც ამ გუნდის წევრი ვარ, მართლაც ძალიან სასიამოვნო და საამაყოა ამ ბიჭებთან მუშაობა. ეს ლოზუნგი ნამდვილად აგრძელებს არსებობას: ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის!!!
 – მახარაძე: საფეხბურთო კლუბ “თელავს” ყოველთვის ვიცნობდი, როგორც მებრძოლ, თავდადებული სულისკვეთების გუნდად და არც შევმცდარვარ. დიახ, ეგ პრინციპი ნამდვილად მუშაობს, ფეხბურთი მხოლოდ ტექნიკა-ტაქტიკა არაა, ის განსხვავებული ადამიანების ურთიერთობაა, რაც ამ გუნდში სამაგალითოა. ამიტომაც ძალიან ადვილად გავიარე ადაპტაცია და გავხდი ამ შესანიშნავი ოჯახის წევრი, მხედველობაში მყავს კლუბში მომუშავე ყველა ადამიანი, ისინი მაქსიმუმს აკეთებენ გუნდის წარმატებისთვის. ბიჭებზე კი ცალკე უნდა ვთქვა, ასეთი მეგობრული, ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებული გუნდი მართლაც იშვიათია, მათთან მუშაობა ერთი სიამოვნებაა, ნამდვილი კაცები არიან გახსნილი ურთიერთობებით. ეს, რა თქმა უნდა, დიდწილად, მთავარი მწვრთნელის და კლუბის დირექტორის დამსახურებაა. იმედი მაქვს, ჩვენი თამაშით და შედეგებითაც ბევრჯერ გავახარებთ “თელავის” გულანთებულ გულშემატკივარს, რომლებიც მრავლად მოდიან თამაშებზე საყვარელი გუნდის მხარდასაჭერად – მადლობა მათ ამისთვის!

სკ “თელავის” პრესსამსახური