საფეხბურთო კლუბი “თელავი” მორიგი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება – “სამტრედიასთან” შეხვედრა ხვალ, 23 ივნისს რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.
განწყობა და მოლოდინი? მშვენიერი და თავისთავად, საბრძოლო! დანარჩენს კი ბიჭები თავად გეტყვიან…
ზურაბ თევზაძე: “განწყობა საუკეთესოა, რაც კი ბოლო პერიოდში ყოფილა და მოლოდინიც გაზრდილია, რადგან ბოლო თამაშებიდან გამომდინარე გუნდში მოგებისკენ სწრაფვამ იმატა. გულწრფელად ვიტვი, ვიცით, რომ მეტი შეგვიძლია და გუნდი ნამდვილად არ იმსახურებს სატურნირო ცხრილში იმ ადგილს, სადაც ახლა ვართ: პირველ რიგში, მეც და მთელი გუნდიც იმაზე ვართ მომართულები, რომ ამ სიტუაციას თავი დავაღწიოთ და “თელავისა” და მისი გულშემატკივრების საკადრისი პოზიცია დავიკავოთ. ყოველთვის ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას და ეს ყველაზე დიდი სტიმულია ჩვენთვის. გვსურს, რომ დავუფასოთ და საამისოდ თითოეულ თამაშზე მაქსიმუმს გავაკეთებთ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს”.
გიორგი ხაბულიანი: “საბრძოლველად და მოსაგებად ვართ განწყობილები, სხვანაირად ვერც იქნება, ამის თქმის საფუძველს სამწვრთნელო შტაბის და ბიჭების მონდომება მაძლევს. ბოლო მოგებული თამაშის მერე ახლა ფსიქოლოგიური კუთხითაც ძალიან გაზრდილები ვართ და ვიცით, მოგებები და ქულები გვჭირდება, რომ თავი დავაღწიოთ სახიფათო ზონას. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ჩვენს გულშემატკივრებსაც ვეტყვი: იმ ცუდ პერიოდში, როცა არ მიგვდიოდა თამაშები, მაგრამ მაინც ჩვენთან იყავით და გჯეროდათ ჩვენი, ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. ახლა ჩვენი ჯერია, გვინდა, რომ საკადრისად დაგიფასოთ და გპირდებით, რომ კიდევ არაერთხელ გაგახარებთ”!
თორნიკე ძოწენიძე: “შუქურასთან” თამაშის მოგებით, არაჩვეულებრივი განწყობა შევიქმენით და რაც მთავარია, გუნდში კარგი და ჯანსაღი სიტუაციაა. ბიჭები მზად ვართ საბრძოლველად და “სამტრედიასთან” გასამარჯვებლად. ვიცი, რომ ჩვენს გულშემატკივრებს ბოლომდე სჯერათ ჩვენი და დარწმუნებული ვარ, ქომაგებს აუცილებლად გავუმართლებთ იმედებს – მჯერა და გვჯერა, აუცილებლად დავწინაურდებით ცხრილში და უფრო მაღალ პოზიციაზე დავასრულებთ ჩემპიონატს”.
ასე რომ, ძვირფასო გულშემატკივრებო, ბიჭებთან ერთად, კვლავ ვერთიანდებით ერთი საქმისთვის – ხვალ, 23 ივნისს წამოდით, გელოდებით რუსთავში: ჩვენი ღირსება, ჩვენი გუნდია!!!