დღეს, 9 ივლისს, საფეხბურთო კლუბ “თელავის” აწ უკვე ყოფილი კაპიტანი ილია ბერიაშვილი იუბილარია – 23 წლის გახდა.
კლუბის სახელით “ბერის”, ბუნებრივია, დაბადების დღეს ვულოცავთ და ყოველივე საუკეთესოს და წინსვლა-წარმატებებს ვუსურვებთ! 
მილოცვასთან ერთად ილიას უღრმეს მადლობასაც ვუხდით იმ ყველაფრისთვის, რაც მან ჩვენი, თავისი გუნდისთვის გააკეთა – მაშინ, ჯერ კიდევ უწვერული ჭაბუკი, საქმისადმი პროფესიონალური მიდგომით და დაუღალავი შრომით კლუბის დაარსების დღიდან გუნდთან ერთად იზრდებოდა…

– ილია, უპირველესად კლუბის სახელით დაბადების დღეს გილოცავთ…

– დიდი მადლობა მოლოცვისთვის და მადლობა “თელავს” ყველაფრისთვის: გულშემატკივრებს მადლობა გვერდში დგომისთვის, ახლაც ვადევნებ შორიდან “თელავის” თამაშებს თვალს და მიხარია, რომ ისევ ბრძოლისუნარიანი გუნდია, მაგარი გულშემატკივრები, მაგარი ხელმძღვანელობა ჰყავს და მჯერა, რომ “თელავს” კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია.

– ახლა უკვე ოფიციალურად ხარ ვოლგოგრადის “როტორის” ფეხბურთელი და გუნდთან ერთადაც ვარჯიშობ. პირველი შთაბეჭდილება…

– უპირველესად მინდა აღვნიშნო, რომ გუნდში კარგად მიმიღეს და მომწონს დამოკიდებულება და ატმოსფერო, მეგობრული გუნდია, შესანიშნავი სამწვრთნელო შტაბით დაკომპლექტებული. ერთი სიტყვით, ყველაფერი კარგად მიდის და ადაპტაციაც არ გამჭირვებია.

– ადაპტაცია მითუმეტეს არ გაგიჭირდებოდა, “როტორში” ხომ ქართველებიც დაგხვდნენ და ასეც რომ არა, ამ გუნდში ზამთარშიც ვარჯიშობდი, თუმცა ზაფხულამდე მოცდამ მოგიწია…

– ნამდვილად ასეა. მე და ბექა ქავთარაძე რომ ჩამოვედით, გუნდში ნიკა ყიფიანი დაგვხვდა და ყველაფერში, ყველანაირად დაგვეხმარა. ჩვენს გვერდით იყო და რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიადვილდა შეჩვევა აქაურობასთან, მადლობა ნიკას ამ ყველაფრისთვის. რაც შეეხება ზამთრის ამბებს, ეს ცალკე თემაა, მაშინ ისე ვერ მოხდა, როგორც გვინდოდა, არ იყო უბრალოდ, ლეგიონერის ადგილი თავისუფალი და მომიწია ისევ უკან, მშობლიურ ქალაქში და გუნდში დაბრუნება, ალბათ, ასეც უნდა მომხდარიყო, რასაც ნამდვილად არ ვნანობ.

– მშობლიურ ქალაქში და მშობლიურ გუნდში დაბრუნება, რომლის დასტურად შენს გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი ძალიან ემოციური იყო…

– მართლაც ემოციური იყო და ცოტა შემაგვიანდა კიდეც, ნამდვილად არ ვიცოდი, საიდან დამეწყო, იმდენი რამ მქონდა სათქმელი: თელავი, როგორც ქალაქი, მართლაც ძალიან მიყვარს, ჩემი სამშობლო თელავიდან იწყება, თელავში დავიბადე და გავიზარდე, ყველაფერი თელავში გავიარე და ჩემთვის საამაყო იქნება მუდამ, სადაც არ უნდა წავიდე და რაც არ უნდა გავაკეთო, ის გატარებული წლები, რაც მე თელავში და “თელავთან” ერთად გავატარე და გავაკეთე. ვფიქრობ, უფრო მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა, მაგრამ რაც მოხდა, ალბათ ასე უნდა მომხდარიყო. არ ვიცი, მომავალში ჩვენი გზები შესაძლოა, კიდევ გადაიკვეთოს, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ასე იყო საჭირო, მე უნდა დამეტოვებინა “თელავი”, ისევ და ისევ ჩემი განვითარებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა “თელავს” ყველაფრისთვის.

– ილო, გუნდში კლუბის დაარსების დღიდან იყავი, ასე ვთქვათ, ძირძველი თელაველი ხარ და მოდი, პირველი ნაბიჯები გაიხსენე – პირველი ნაბიჯები და ამ 5 წლის მანძილზე ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი…

– 17 წლის ვიყავი, გუნდში რომ ამიყვანეს, ახალდაარსებული გუნდიც რეგიონალლიგაში იყო და მაშინ ვიწყებდით ფეხბურთის თამაშს. პირველი ემოციაც ის იყო, როცა გადმოვედით რეგიონალლიგიდან და სწორედ მაგან მოგვცა სტიმული, გვინდოდა უკვე ჩემპიონატის სხვა დონეზე თამაში და გვაინტერესებდა, რა და როგორ შეგვეძლო. მას მერე ფაქტობრივად, ყოველ წელს ლიგიდან ლიგაში გადავდიოდით და ვფიქრობ, ეს იყო სწორედ ჩვენი და მთლიანობაში გუნდის ზრდის მთავარი ფაქტორი. რაც შეეხება ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტს, ასეთი ცხადია, თელავის ფეხბურთის დაბრუნება გახლავთ უმაღლეს ლიგაში – რუსთავში გამარჯვება და სახლში სიხარულით დაბრუნება. ასეთი სიხარული ჩემს ქალაქს დიდი ხნის განმავლობაში, წლების მანძილზე არ ჰქონია და ბედნიერი ვარ, რომ 10-წლიანი უფეხბურთობის შემდეგ, სულ რაღაც 4 წლის შექმნილმა გუნდმა შევძელით, ხალხსაც უდიდესი სიხარული და ზეიმი მივანიჭეთ და ასე ვთქვათ, თელავში უმაღლესი ლიგა დავაბრუნეთ.

– “თელავის” ვიცე-კაპიტანიც იყავი და კაპიტანიც. მშობლიური გუნდის მინდირზე გაძღოლა, ცხადია, სულ სხვა შეგრძნება და პასუხისმგებლობაა…

– ზოგადად, როდესაც კაპიტანი და გუნდის ლიდერი ხარ, არ გაქვს თუნდაც შეცდომის დაშვების უფლება. არანაირი უკან დახევა, პირიქით, შენ უნდა იყო გუნდის წინამძღოლი და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩემში ძალიან ბევრი კარგი თვისებები აღმოვაჩინე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. რა თქმა უნდა, ჩემი ხალხის წინაშე მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გასვლა მართლაც სხვა შეგრძნება და პასუხისმგებლობა გახლდათ და ბედნიერი ვარ, რომ ეს განვიცადე.

– ჩვენი გუნდისთვის და ალბათ შენთვისაც საამაყო ისიც იყო, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში რომ გამოგიძახეს, თუმცა გამოძახებაცაა და გამოძაზებაც – 21-წლამდელთა ნაკრებში რეგულარულად თამაშობდი…

– ნამდვილად სასიხარულო და საამაყოა ჩემთვის, რომ ნაკრებში სწორედ “თელავიდან” მოვხვდი. მაშინ ეროვნულ ლიგა 2-ში ვთამაშობდით და ქვეყნის, თუნდაც 21-წლამდელთა ნაკრებში გამოძახება, მართლაც ოცნების ახდენა იყო. ჩემი აზრით, ძალიან კარგი ახალგაზრდული ნაკრებიც გახლდათ, ისტორიაში ყველაზე ძლიერი თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული – ძალიან ძლიერ გუნდებს ვეთამაშებოდით, იგივე საფრანგეთს და შვეიცარიას ტოლი არაფერში დავუდეთ. მართლაც ძალიან მაგარი შეგრძნება იყო, ამ თამაშებში ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე, რომ ვიდექი. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ნაკრების იმდროინდელ მწვრთნელს გია ცეცაძეს ნდობისთვის, გვერდში დგომისთვის და ყველაფრისთვის, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა, როგორც ცხოვრებაში, ასევე ფეხბურთში. მინდა, აგრეთვე უღრმესი მადლობა გადავუხადო საფეხბურთო კლუბ “თელავის” დამფუძნებლებს, სოსო გრიშიკაშვილს, ალეკო ამისულაშვილს და ირაკლი ვაშაკიძეს, ჩემი ნაკრებში თამაში თავისთავად, მათი დამსახურებაცაა, რადგან, რომ არა “თელავი”, სადაც ვთამაშობდი და ვიზრდებოდი. განსაკუთრებული მადლობა სოსო გრიშიკაშვილს, რომელიც მუდამ ძალიან დიდ სტიმულს და რჩევებს მაძლევდა ჩემი წინსვლა-განვითარებისთვის, მენდობოდა, მეხმარებოდა და ჩემს გვერდით იყო ყოველთვის, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო მას ამ ყველაფრისთვის.

– ახალგაზრდული ნაკრები ასაკის გამო, შენთვის უკვე ტკბილი წარსულია.ბუნებრივია, ახლა შენი მთავარი მიზანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა და მერე ფეხის მყარად მოკიდება იქნება – ფეხბურთელის მწვერვალი და მთავარი ოცნება ხომ ქვეყნის ეროვნულ გუნდში თამაშია…

– რა თქმა უნდა, მეც ამის იმედი მაქვს. ძალიან მოხარული და ამაყი ვიქნები, თუ ოდესმე შედგება ჩემი დებიუტი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში, საამისოდ არაფერს დავიშურებ და დაველოდები ჩემს შანსს – იმედია, დავიმსახურებ ნაკრებში გამოძახებას…

სკ “თელავის” პრესსამსახური