– ბატონო გიორგი, ემოციები ასეა თუ ისე ჩამცხრალია და მოდით, ახლა ცივ გონებაზე შევაფასოთ ბათუმის “დინამოსთან” მატჩი…
– ჩემთვის მიუღებელია მარცხი და ვერასოდეს ვეგუები, მაგრამ რას ვიზამთ, ვეთამაშეთ ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს. რა თქმა უნდა, ამით თავს არ ვიმართლებ, ბიჭებმა მაქსიმუმი გაიღეს, არც შრომა დაუკლიათ, მაგრამ აქვე იმასაც ვიტყვი, რომ რამდენიმე ფეხბურთელით აშკარად უკმაყოფილო ვარ – ბევრს საკმარისად მივეცით შანსი და სამწუხაროდ, ვერ იყენებს. გუნდის წინსვლისთვის კი ასე გაგრძელება არ შეიძლება, ამას აუცილებლად შევცვლით: ფეხბურთელი, რომელიც ბოლომდე არ დაიხარჯება და გუნდისთვის არ გაიღებს მაქსიმუმს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს ის, გუნდს დატოვებს!
– ქვეყნის ჩემპიონთან მატჩში, რა მოგეწონათ და რა – არა?
– რა თქმა უნდა კარგია და სასიამოვნოა, ჩემპიონთან თამაში, ამ დროს შენი გუნდის რეალურ სახეს და ძალას ნათლად ხედავ და დასკვნებიც შესაბამისი გამოგაქვს. ასეთ მატჩებს ყოველთვის მივესალმები და ვისურვებდი, რომ უფრო მეტი იყოს.
– მატჩის ბოლო წამებზე ისეთი ეპიზოდი იყო, სადავოც რომ არ ეთქმის – ჩვენს სასარგებლოდ მსაჯმა აშკარა კუთხური არ დანიშნა…
– ზოგადად, არ მჩვევია მსაჯებზე საუბარი და მათი შეფასება, დარწმუნებული ვარ, განზრახ არ გაუკეთებია და უბრალოდ, შეცდა – ადამიანები ვართ და შეცდომისგან არავინ ვართ დაზღვეული.
– ჩვენი მომდევნო მეტოქე წყალტუბოს „სამგურალია“ – 6 აპრილს თელავში, ფაქტობრივად, სეზონის პირველი საშინაო მატჩი გვიწევს…
– „სამგურალი“ ძალიან კარგი, ძლიერი გუნდია, მოდის თამაშის მოსაგებად და ჩვენც ჩვენებურად დავხვდებით – ისე მოხდა, რომ ჩემპიონატში აქამდე ყველა მატჩი სტუმრად ჩავატარეთ, ამ თამაშებში ძალიან კარგი 7 ქულა ავიღეთ, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა, თავდადებისთვის მადლობა გადავუხადო ბიჭებს, ჩემს სამწვრთნელო შტაბს და გუნდის ყველა თანამშრომელს. ახლა კი ვემზადებით პირველი საშინაო შეხვედრისთვის – საკუთარი ქომაგის წინაშე წარდგენა სულ სხვა მუხტი, ემოცია და პასუხისმგებლობაა და ჩვენც მოუთმენლად ველოდებით წყალტუბოელებთან მატჩს.
სკ “თელავის” პრესსამსახური