… ჩვენი გუნდის ხანმოკლე ისტორიაში არაერთ ლეგიონერს უთამაშია, მაგრამ თელაველ გულშემატკივარს ცოტამ თუ დაამახსოვრა თავი – 25 წლის სტრაჰინია პავიშიჩი ვფიქრობთ, ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეულია: ტანმაღალი სერბი ნახევარმცველი მოედანზე ჟინიანი მებრძოლია, მოედნის მიღმა კი ერთობ მშვიდი, უშუალო და თავმდაბალი…
– სერბული ფეხბურთის გრანდის, “ცრვენა ზვეზდას” აღზრდილი ხართ და მის ასაკობრივ გუნდებში ტიტულებიც გაქვთ მოგებული, მაგრამ დიდ გუნდში არ გითამაშიათ. თქვენს კარიერაში ჯერ ბელგრადის “სინდელიჩი” იყო, მერე კი ლეშკოვაცის “დუბოჩიცა”…
– ბავშვობაში მართლაც მსიამოვნებდა “ცრვენა ზვეზდაში” თამაში, იქ შევიძინე ბევრი ტექნიკური და ტაქტიკური ცოდნა და ჩამომიყალიბდა გამარჯვებულის მენტალიტეტი, რადგან იქ, სხვანაირად ვერც იქნები – “ცრვენა ზვეზდაში” ყველა თამაში უნდა მოიგო. დიდ გუნდში გადასვლა კი ნამდვილად გამიჭირდა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ აშშ-ში წავედი სასწავლებლად და 2 წლის განმავლობაში კოლეჯში ვთამაშობდი. მერე, როცა სერბეთში დავბრუნდი, ახლიდან დამჭირდა ყველაფრის თავიდან დაწყება და ბელგრადშივე, ნაკლებად ცნობილ გუნდს მაშინ მივაკითხე.
– მოკლედ, გამოდის მაინც ვარსკვლავი ხართ და არა – გრობარი… (“გრობარი” – ქართულად მესაფლავე, “ცრვენა ზვეზდას” მოსისხლე მტრის, “პარტიზანის” გულშემატკივართა მეტსახელია)
– არა, არა, მესაფლავეობა ნამდვილად არაა ჩემი საქმე, ეს ხუმრობით. ისე კი “ცრვენა ზვეზდას” და “პარტიზანს” მართლაც დიდი მტრობა აქვთ და მათ თამაშებზეც მაგარი ამბები ხდება, თუნდაც არასაფეხბურთო კუთხით.
– ჩვენამდე უკვე თამაშობდით საქართველოში, მერე კი ცოტა ხნით სამშობლოში მოგიწიათ დაბრუნებამ და როცა “თელავის” ვარიანტი გამოჩნდა, ვიცით, რომ სიამოვნებით მიიღეთ წინადადება და ფაქტობრივად, მაშინვე ჩამოხვედით…
– “თელავი” მომწონდა ძალიან და ყოველთვის მაღალი აზრი მქონდა ამ გუნდზე, როცა მათ წინააღმდეგ ვთამაშობდი, ყოველთვის ბოლომდე იბრძოდნენ, მაგარი მენტალიტეტი ჰქონდათ და გუნდურად თამაშობდნენ. გეთანხმებით, როცა გავიგე “თელავის” ინტერესზე, მაგრად მესიამოვნა და მერე, როდესაც კლუბის დირექტორმა სოსო გრიშიკაშვილმა დამირეკა და მითხრა, მწვრთნელ გიორგი ჭელიძეს სჭირდებიო, ძალიან გამიხარდა და პირობებზეც მარტივად შევთანხმდით. მინდა, აქვე ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მათ ნდობისთვის და მადლობა ასევე ჩემს თანაგუნდელებს, რადგან ბიჭებმა ძალიან კარგად მიმიღეს და აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ – კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს პატივისცემას და “თელავში” ჩამოსვლით ნამდვილად მშვენიერი არჩევანი გავაკეთე.
– მოგწონთ აქაურობა? ქალაქი, ქვეყანა…
– რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს და თამამად ვიტყვი, მიყვარს საქართველო! ძალიან ლამაზი ქვეყანაა, დიდი ისტორიით და ტრადიციით. გასულ წლებში ბევრი რამ მოვინახულე თქვენს ქვეყანაში და წელს ვგეგმავ, უფრო მეტი ვნახო, როცა დრო მომცემს ამის საშუალებას. ჯერ რაც ვნახე, თელავი მართლაც, რომ ულამაზესი ქალაქია, დიდი ისტორიით, მაგრამ სამწუხაროდ, თამაშების დატვირთული გრაფიკის გამო, ჯერ არ მქონია მისი შესწავლის დრო – მინდა, თელავი და მთლიანად კახეთი, რაც შეიძლება მალე შევისწავლო. აქვე ერთსაც სიამოვნებით აღვნიშნავ: ქართული სამზარეულოს მოყვარული ვარ, გურმანი ვარ და ქართული კერძები ნამდვილად საოცრებაა!
– “თელავის” მაისურით, არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიან გუნდს, თბილისის “დინამოს” გაუტანეთ, თან სადებიუტო გოლი…
– როცა თბილისის “დინამოსთან” თამაშობ, ეს უკვე მოტივაციაა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენს სტადიონზე ვეთამაშებოდით, რომელიც ჩვენი გულშემატკივრებით იყო სავსე. ძალიან გამიხარდა ამ გოლის გატანა, რაც დაგვეხმარა კიდეც ანგარიშის გათანაბრებაში – ეს გოლი, ჩემს ძმისშვილს მივუძღვენი, რომელიც იმ დღეს დაიბადა! აქვე ისევ ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რადგან ისინი ყოველთვის გვიჭერენ მხარს, მაშინაც კი, როცა სტუმრად ვთამაშობთ, ისინი ბევრ კილომეტრს გადიან, რომ ჩვენთან იყვნენ, მათ გარეშე კი ჩვენ ერთი გუნდი არ ვიქნებოდით.
– ოჯახი სამშობლოში გყავთ და ვიცით, რომ ძალიან მაგრად გქომაგობენ…
– ჩემი მშობლები და ძმა, რომელიც ასევე პროფესიონალი ფეხბურთელია და სერბეთის სუპერლიგაში თამაშობს, აგრეთვე ჩემი მეგობრები, ყველა თამაშს უყურებენ და მე და “თელავს” ძალიან გვგულშემატკივრობენ, ასე ვთქვათ, მერე თამაშებსაც ვარჩევთ და ვაანალიზებთ. ჩემი შეყვარებული კი უმეტესად საქართველოშია, ჩემთან ცხოვრობს და თამაშებზეც ტრიბუნიდან მეხმარება, რაც ცხადია, ბევრს ნიშნავს ჩემთვის!
– სერბეთში “ცრვენა ზვეზდა” და “პარტიზანი” დომინირებენ და ზოგადად, ევროპაში სერბული საკლუბო ფეხბურთის დონესაც მეტწილად, ეს გუნდები განსაზღვრავენ და აქვე ის სამწუხარო რეალობაც უნდა ვაღიარო, რომ ქართულსა და სერბულ საკლუბო ფეხბურთს შორის ჯერაც დიდი სხვაობაა…
– “ცრენა ზვეზდა” და “პარტიზანი”, ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროთასებზე წარმატებულად თამაშობენ. ახლა სერბეთის ჩემპიონატი უეფას რეიტინგში მე-11 ადგილზეა და მომავალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაში ორი გუნდი გვეყოლება, რაც სერბული ფეხბურთისთვის მართლაც უზარმაზარი მიღწევა იქნება განვითარების კუთხით. თქვენ სწორად აღნიშნეთ, აქამდე მხოლოდ ამ ორ გუნდს ჰქონდა გარკვეული წარმატება ევროტურნირებზე, მაგრამ ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ეს შეიცვლება და კიდევ ერთი კონკურენტუნარიანი გუნდი გვეყოლება, რომელიც ევროპაში ასევე წარმატებით ითამაშებს. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, რა თქმა უნდა, დაგეთანხმებით და იმედია, არ მიწყენთ, სერბეთის ჩემპიონატი საქართველოსაზე გაცილებით ძლიერია და ამაზე საუბარიც არ არის, თუმცა რამდენიმე წლის განმავლობაში აქ თამაშმა მაჩვენა, რომ საქართველოს ჩემპიონატში წინსვლა აშკარად იგრძნობა და ვფიქრობ, წლევანდელი ჩემპიონატი ყველაზე ძლიერია მათ შორის, რაც აქამდე მითამაშია და ეს უკვე კარგია.
სკ “თელავის” პრესსამსახური