… მიდი, კაპო, შენებურად შეუბერე – ასეთ შეძახილს, გასულ სეზონში ხშირად გაიგონებდით “კავკასიონი არენაზე”, როცა ბურთს ცოტნე კაპანაძე “მოიგდებდა” და ქომაგისგან შეგულიანებული ჩვენი ბიჭიც მარდად დაიძრებოდა მეტოქის კარისკენ.
… ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, მომღიმარი და ხალისიანი, ძალიან უყვარს თავისი საქმე და მუდმივად ცდილობს, არ გაჩერდეს, უფრო მეტად განვითარდეს, რადგან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ჩვენი კლუბისთვის კი იმავდროულად, ძალიან დიდი პატივი…
– ცოტნე, ნებისმიერი გუნდისთვის დიდი პატივია, როდესაც მისი ფეხბურთელი ნაკრების წევრია და ბუნებრივია, ასე ვართ ჩვენც…
– პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო “თელავს”, ჩემს მიმართ გაჩენილი ნდობისთვის. ნაკრებში ჩემი თამაში, როგორც პირადად ჩემი, აგრეთვე “თელავის” წარმატება და დამსახურებაა – ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, საკუთარი ქვეყნის ნაკრების მაისურით თამაში და წარმატებით გამოსვლა. ყველანაირად ვეცდები, ახალ სეზონში უკეთ წარმოვაჩინო “თელავის” მაისურით თავი და ვასახელო, როგორც საქართველო, ასევე ჩემი კლუბი.
– “თელავის” გულშემატკივრებს ძალიან უყვარხართ, ისინი ახალ სეზონში თქვენგან შარშანდელზე არანაკლებ თამაშს ელიან…
– “თელავი” გულშემატკივრების გარეშე ვერ წარმომიდგენია. მათი ქომაგობა სხვა სტიმულს გვაძლევს თამაშის მსვლელობისას. ბედნიერი ვარ, რადგან მათი სიყვარული დავიმსახურე. რასაკვირველია, ახალ სეზონს უფრო მეტი შემართებით და ენთუზიაზმით ვიწყებ, მინდა, რომ მაყურებლის მოლოდინი უფრო მეტად გავამართლო და წელს უფრო მეტი შევთავაზო მათ.
– გუნდი გამალებით ვარჯიშობს და ბიჭებიც თავს არ ზოგავთ…
– მოსამზადებელი ეტაპი ძალიან მაღალ დონეზე მიმდინარეობს. ამ სეზონს საუკეთესო ფორმაში უნდა შევხვდეთ და ვაჩვენოთ, თუ რამხელა ძალა გვაქვს და რა შეგვიძლია. “თელავი” გაძლიერდა ახალი ფეხბურთელებით და ვფიქრობ, კონკურენტუნარიანი გუნდი ვიქნებით. მოგეხსენებათ, სამწვრთნელო შტაბი შეიცვალა და საკმაოდ კარგი მწვრთნელიც გვყავს – დარწმუნებული ვარ, გიორგი ჭელიძესთან და მის სამწვრთნელო შტაბთან ერთად დასახულ მიზანს მივაღწევთ.
სკ “თელავის” პრესსამსახური