24 წლის გიორგი ქანთარია, საფეხბურთო კლუბ “თელავის” ახალწვეულია, მაგრამ ჩვენს გუნდს იოლად შეეწყო – მისი გამოცდილება და კლასი მოედანზე აშკარად შესამჩნევია…
საფეხბურთო კლუბ “თელავის”, აწ უკვე ერთ-ერთი ლიდერი ჩვენთან, გროდნოს “ნემანიდან” გადმოვიდა – “ქანთარა” ბელარუსულ კლუბში ხუთი სეზონი თამაშობდა, იყო ამ გუნდის ვიცე-კაპიტანი და კაპიტანიც…
– გიორგი, ბელარუსში ძალიან ახალგაზრდა წახვედით…
– დიახ, 19 წლის ვიყავი, როცა წავედი. თავიდან, რა თქმა უნდა, ძნელი იყო ყველაფერი, ახალი გარემო, ენის ბარიერი, ახალი კულტურა, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ადაპტაციაც არ გამჭირვებია – გუნდელები ძალიან დამეხმარნენ.
– ხუთი წელი “ნემანში”… ბელარუსიდან რატომ წამოხვედით, კონტრაქტი დაგიმთავრდათ თუ უბრალოდ, გარემოს გამოცვლა გინდოდათ?
– ხუთი წელი მხოლოდ ერთ გუნდში ვიყავი, ჩამოვყალიბდი ამ გუნდის ლიდერად, ვთამაშობდი ყველა თამაშს, ძალიან დიდი ნდობა მქონდა და ყველაფერიც კარგად იყო, მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში, ყოველთვის დგება მომენტი, როცა რაღაც უნდა შეცვალო და ახალი გამოწვევები მიიღო – ამიტომ გადავწყვიტე “ნემანიდან” წამოსვლა.
– და გადმოხვედით ჩვენთან. რატომ “თელავი”?
– როცა “ნემანიდან” წამოვედი, მქონდა რამდენიმე საინტერესო ვარიანტი, შემეძლო, კარიერა ისევ უცხოეთში გამეგრძელებინა, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის სურვილიც დიდი იყო: 5 წელი ვიცხოვრე სხვა ქვეყანაში და ძალიან მონატრებული ვიყავი აქაურობას. ერთი სიტყვით, ოჯახთან ერთად გადავწყვიტეთ დარჩენა საქართველოში. რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას, თუ რატომ “თელავი”, ასე ვიტყვი, ჩამოსვლისთანავე, საკმაო ხანს მქონდა ერთ ქართულ კლუბთან მოლაპარაკებები, მაგრამ ბოლოს ვერ შევთანხმდით და ახლა, არც ვნანობ – როცა “თელავის” ვარიანტი შემომთავაზა აგენტმა, გავეცანი ყველაფერს, მომეწონა, ჩემთვის ძალიან საინტერესო და მისაღები იყო პროექტი, რაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის გუნდის ხელმძღვანელობას, კერძოდ, კლუბის დირექტორს, სოსო გრიშიკაშვილს და მადლობა მას ამისთვის.
– მოდით, ბელარუსის და საქართველოს ჩემპიონატები შეადარეთ…
– ხშირად მიწევდა ინტერვიუებში ამ თემაზე ლაპარაკი და ყოველთვის ვიძახდი, რომ საქართველოში უფრო ბურთით თამაში, კომბინაციური, ტექნიკური ფეხბურთია, ბელარუსში კი ფიზიკური მომზადებაა მთავარი და ამას დიდ ყურადღებას აქცევენ – სულ გიწევს ტემპში თამაში, ორთაბრძოლები. მოკლედ, საკმაოდ რთული და საინტერესო ჩემპიონატი აქვთ.
– თქვენს ახალ გუნდს იოლად შეეწყვეთ, ჩემპიონატშიც უკვე სამი თამაში ვითამაშეთ, სტარტიც ჩინებული გვაქვს…
– გუნდში მართლაც ძალიან კარგად შემხვდნენ, ძალიან კარგი, მეგობრული გარემოა, რამდენიმე ფეხბურთელს აქამდეც ვიცნობდი და ადაპტაციის პერიოდმაც მშვენივრად ჩაიარა. მთლიანობაში, ახალგაზრდული გუნდი ვართ და ვცდილობთ, ყველა თამაშზე მოსაგებად გავიდეთ, მაქსიმალურად დავიხარჯოთ და ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც ვემზადებით. გეთანხმებით, სტარტი ძალიან კარგი გვაქვს და იმედია, ასეც გავაგრძელებთ, საამისოდ კი ყველაფერს გავიღებთ – რაც მთავარია, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან შეკრული და ერთსულოვანი გუნდი ვართ, ყველა ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ და ეს ყველაფერი, ჩვენი მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭელიძის დიდი დამსახურებაა, თავისი მიდგომებით და იმ ხედვებით, რასაც ერთად, შეთანხმებულად ვაკეთებთ. ამიტომაც გამოიღო ამ ყველაფერმა შედეგი და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება.
სკ “თელავის” პრესსამსახური