ეროვნული ლიგა 2-ის მე-5 ტურში, სკ „თელავი“ ქობულეთის „შუქურას“ შეხვდება – მატჩი ხვალ, 4 აპრილს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.
„შუქურა“ (ქობულეთი)
დაარსდა: 1968 წელს
პრეზიდენტი: რევაზ ჩელებაძე
მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე
კაპიტანი: გიორგი ჩელებაძე
სტადიონი: „ჩელე არენა“
შემადგენლობა:
მეკარეები: დავით კუპატაძე, დავით მოწყობილი, გიორგი დობორჯგინიძე;
მცველები: გიორგი ფოთელიძე, ომარ ბულუხაძე, სტეფან დასსე (ბურკინა ფასო), დავით ცეცხლაძე, გიორგი კალანდია, გიორგი კალანდაძე, ჯაბა გოგიტიძე, დოს რეის რამოსი (ბრაზილია);
ნახევარმცველები: გიორგი ჩელებაძე, ნიკო კვასხვაძე, გოდვინ კონიეჰა (ნიგერია), ლუკა ნემსაძე, ჯანიკო წულუკიძე, ირაკლი ქათამაძე, ფელიპე ნუნიეში (ბრაზილია), ერეკლე მალაზონია, გიორგი ჭანუყვაძე;
თავდამსხმელები: ბაჩანა გოგმაჩიძე, გიორგი ივანიაძე, ჯეფერსონ ჯერალდო (ბრაზილია).
ქობულეთის „შუქურამ“ შარშანდელი სეზონი ეროვნულ ლიგაში (ყოფილი უმაღლესი ლიგა) გაატარა, საბოლოოდ, მე-10 ადგილი დაიკავა და ქვედა ლიგაში დაქვეითდა.
აჭარული გუნდი მიმდინარე ეროვნული ლიგა 2-ის ცხრილში ოთხი ჩატარებული ტურის შემდეგ ბოლო, მე-10 ადგილზეა – ქობულეთელებმა „ცხინვალს“ სტუმრად მოუგეს 2:1, თბილისის „ნორჩი დინამოსთან“ (2:3), ბათუმის „დინამოსთან“ (0:3) და მარტვილის „მერანთან“ (0:1) კი დამარცხდნენ.
„შუქურა“ მეტოქეებს ჯერჯერობით, ქობულეთს მიღმა მასპინძლობს, რადგან საშინაო „ჩელე არენაზე“ რეკონსტრუქცია მიმდინარეობს და გუნდიც მშობლიურ სტადიონს აგვისტოში დაუბრუნდება.
ქობულეთელებს 31 წლის გიორგი ჭელიძე წვრთნის, ვინც გასულ სეზონში ჯერ თბილისის „შევარდენს“ თავკაცობდა, მერე კი ტყიბულის „მეშახტეს“.
გუნდის ლიდერი და კაპიტანი, 26 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩელებაძე გახლავთ, რომელიც წარსულში ბათუმისა და თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელის, ახლა კი „შუქურას“ პრეზიდენტის რევაზ ჩელებაძის ვაჟია – გიორგი ჩელებაძემ 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია უკვე მოიხადა (I ტურის მატჩში „ნორჩი დინამოსთან“ გააძევეს) და სავარაუდოდ, ხვალ ძირითად შემადგენლობაშიც იქნება.
„შუქურას“ 5 ლეგიონერი ჰყავს და გუნდში ამინდსაც ძირითადად უცხოელები ქმნიან – 28 წლის ბურკინაფასოელი მცველი სტეფან დასსე, 25 წლის ნიგერიელი ნახევარმცველი გოდვინ კონიეჰა და ბრაზილიელები: 23 წლის მცველი დოს რეის რამოსი, 27 წლის ნახევარმცველი ფელიპე ნუნიეში და 29 წლის თავდამსხმელი ჯეფერსონ ჯერალდო.
რაც შეეხება ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკას, წინა მეტოქეების დარად („დინამო“ ბათუმი, „მერანი“, „გაგრა“, „ვიტ ჯორჯია“), ოფიციალურ მატჩამდე სკ „თელავი“ არც ქობულეთის „შუქურას“ შეხვედრია.