ძვირფასო გულშემატკივრებო, გორში, “დილასთან” აღებულმა მნიშვნელოვანმა და დამსახურებულმა ქულამ, ბუნებრივია, რწმენა, იმედი დაგვიბრუნა და დარწმუნებულები ვართ, არასახარბიელო მდგომარეობას თავს აუცილებლად დავაღწევთ. გვჯერა, ასევე ხართ თქვენც…
საფეხბურთო კლუბი “თელავი” ქობულეთის “შუქურასთან” უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ამაღლებული განწყობით და ხალისით ემზადება – მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე, კაპიტანი მიხეილ ბაშელეიშვილი და მეკარე ლუკა სანიკიძე ამბობენ, რომ…
გიორგი მიქაძე: “ძალიან რთული თამაში იყო გორში და ასე ვთქვათ, კარგი ქულა ავიღეთ, როგორც ფსიქოლოგიური, ისე სატურნირო თვალსაზრისით.” დილა” კარგი გუნდია, მითუმეტეს სახლში კარგად თამაშობს და ვფიქრობ, ჩვენც კარგად ვითამაშეთ. იმედი მაქვს, ახლა ქულების დაგროვებასაც დავიწყებთ – გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ბიჭებიც მოტივირებულები არიან და ძალიან გვინდა, დადებითი შედეგები ვაჩვენოთ და მოვიგოთ თამაშები, ჩვენ ცდას და მონდომებას არ დავაკლებთ. ქომაგებსაც მადლობას ვეტყვი გვერდში დგომისთვის და მოთმინებისთვის, პირობას გაძლევთ, რომ ყველაფერს ვიზამთ, თავი დავაღწიოთ რთულ სიტუაციას და მერწმუნეთ, კარგი გუნდიც გვეყოლება”.
მიხეილ ბაშელეიშვილი: “ძალიან მაგარი განწყობა გვაქვს და ასე ვიტყვი, როგორც “თელავს” შეეფერება, საბრძოლო! შეიძლება, ეს აქამდე არ აისახებოდა შედეგებში, მაგრამ ვთვლი, რომ ბოლო თამაშებიდან გამომდინარე, ახლა უკეთესობისკენაა შეცვლილი ყველაფერი, გორში აღებულმა ქულამაც ფსიქოლოგიურად უფრო მეტად თავდაჯერებულებულები გაგვხადა და მაქსიმალურად ვეცდებით, ჰაერივით საჭირო ქულები ავიღოთ და მოვიგოთ თამაშები. მე მჯერა ჩემი გუნდის და დარწმუნებული ვარ, თელაველი ქომაგებიც ასე არიან, რომლებიც მიუხედავად წარუმატებელი თამაშებისა და შედეგებისა, მუდამ ჩვენს გვერდით არიან. დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის, მაქსიმალურად ვეცდებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავახაროთ მათი გულები”.
ლუკა სანიკიძე: “ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ, დიდი ხნის შესვენების შემდეგ საყვარელ საქმეს რომ დავუბრუნდი. დაახლოებით 6 თვე ვიყავი ტრავმის გამო უქმად და ეს უფრო მაძლევდა ფსიქოლოგიურად სტიმულს, რომ უფრო მეტად თავდაჯერებული ვყოფილიყავი, ამ პერიოდმა უფრო გამაძლიერა. რაც შეეხება განწყობას, ბოლო თამაშებში სამწუხაროდ, ქულაც არ გვქონდა აღებული და “დილასთან” ფრემ ამ კუთხით, ფსიქოლოგიურად ძალიან მაგარი სტიმული მოგვცა და რწმენა დაგვიბრუნა, რომ რაღაც ჩვენც შეგვიძლია. დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ ბიჭებიც ასე არიან – ახლა უბრალოდ, არ გვაქვს უფლება, რომ ამაზე გავჩერდეთ. ბიჭები, სამწვრთნელო შტაბი, კლუბის ხელმძღვანელობა ყველანი ასე ვართ, უფრო მეტად მონდომებულები, უფრო მეტად შეკრულები და მოტივირებულები და რა თქმა უნდა, ერთობით ჩვენ ეს შეგვიძლია. შეგვიძლია, თელაველი გულშემატკივარი, კვლავ გავახაროთ. ძალიან კარგად ვიცი, მათ ქომაგობა როგორც იციან, მუდამ რომ ჩვენს გვერდით არიან და მჯერა, საერთო საქმეს კვლავ გავაკეთებთ და წარმატებებიც მოვა”.
ასე რომ, ძვირფასო გულშემატკივრებო, ბიჭებთან ერთად, ჩვენც გთხოვთ და მოგიწოდებთ, შეძლებისდაგვარად, ვინც ხვალ, 18 ივნისს მოახერხებთ და წამოხვალთ რუსთავში, ისევ ისე, ძველებური რიხით და ენერგიით უქომაგეთ თქვენს გუნდს – ერთად, ერთი საქმისთვის, გამარჯვებისთვის!!!